ივერიონი / ნაცნობი და უცნობი მამა გაბრიელი

ნაცნობი და უცნობი მამა გაბრიელი

   26 აგვისტო მამა გაბრიელის დაბადების დღეა!

   მამა გაბრიელი დაიბადა თბილისში თეთრიწყაროს 11 ნომერში, წმინდა ბარბარეს ეკლესიის მახლობლად, ოჯახში სადაც ქრისტესხსენება მკაცრად იყო აკრძალული. მამა, ვასილ ურგებაძე კომუნისტური პარტიის წევრი იყო, რომელიც მეუღლეს უკრძალავდა ქრისტიანულ ცხოვრებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა. ვასილ ურგებაძე, მამუკინის (ნავთლუღის) სოფლის საბჭოს თავმჯდომარე, და ამავე დროს შინსახკომის წარმომადგენელი იყო. 1931 წელს ვასილ ურგებაძე შეთქმულებმა ჯერ ყელსახვევით გაგუდეს, შემდეგ კი ტყვია ესროლეს. მამის გარდაცვალების შემდეგ მამა გაბრიელს მოფერებით, ვასიკოს ეძახდნენ. ერთხელ, მცირეწლოვანი ვასიკო ავად გახდა, მისი გადარჩენის იმედი არავის არ ჰქონდა, მაგრამ, მოულოდნელად ბავშვი გამოჯანმრთელებულა და თამაში დაუწყია.

   მამა გაბრიელმა დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლის ექვსი კლასი. 1949 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. იგი მსახურობდა ბათუმში. მიუხედავად არმიაში არსებული სიმკაცრისა, გაბრიელი ახერხებდა ოთხშაბათს და პარასკევს მარხვას და ასევე ეკლესიაში სიარულს, სწორედ აქ შეისწავლა მან ხუცური დამწერლობა. 1951-55 წლებში სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, უფლის სადიდებლად, თავის ეზოში ააგო ოთხგუმბათიანი ეკლესია, სადაც კომუნისტების მიერ ჩამორთმეული, გადაყრილი, თუ მიტოვებული ხატები დააბრძანა. ხელისუფლება რამდენიმეჯერ ცდილობდა დაენგრია ეკლესია, მაგრამ უშედეგოდ (ეკლესია დღესაც დგას თეთრიწყაროს ქუჩაზე). 1954 წელს მამა გაბრიელმა თხოვნით მიმართა ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსს მეუფე გაბრიელს დიაკვნად კურთხევასთან დაკავშირებით. 1955 წელს პეტრე-პავლეს ეკლესიაში, რომელიც ქუთაისში მდებარეობს მოხდა მამა გაბრიელის დიაკვნად კურთხევა, ხოლო 1955 წლის 23 თებერვალს მოწამეთას მონასტერში. ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა ის ბერად აღკვეცა და მისივე თხოვნით წმინდა გაბრიელ ათონელის სახელი უწოდა. ამავე წლის 27 თებერვალს მამა გაბრიელი მღვდელ-მონაზვნად იკურთხა. 1956 წელს მღვდელ-მონაზონი გაბრიელი ავადმყოფობის გამო ითხოვს საეკლესიო სამსახურიდან დათხოვნას, მის თხოვნას წინ უსწრებსდოკუმენტი იმის შესახებ, რომ იგი უკვე დათხოვნილია, ამავე წლის მაისში იგი ინიშნება წმინდა ნინოს ეკლესიაში მთავარ დიაკვნად. სიცოცხლის ბოლო წლებში მამა გაბრიელი მოღვაწეობდა მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში.

   მამა გაბრიელი იყო პირველი, ვინც კომუნისტების დროს ბერად აღიკვეცა და ააშენა ეკლესია. 1965 წელს 1 მაისს კომუნისტური აღლუმის დროს დაწვალენინის 12 მეტრიანი პორტრეტი. დაკითხვაზე მამა გაბრიელმა განაცხადა: "იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა, და არა ლენინის სურათი. კაცს რად უნდა დიდება. უნდა ეწეროს: "დიდება ქრისტე ღმერთს!!  მას უპირობო დახვრეტის მუხლი მიუყენეს. კომუნისტური რეჟიმის მესრვეურები მოითხოვდნენ მისგან, რომ ეღიარებინა რომ ყოველივე ეკლესიის დავალებით ჩაიდინა, სანაცვლოდ კი სიცოცხლის შენარჩუნებას სთავაზობდნენ. ხანგრძლივი ტანჯვა-წამების მიუხედავად, გაბრიელ ბერი ურყევად იდგა. პირიქით, მორიგ დაკითხვაზე ლენინი კვლავ მხეცად მოიხსენია, რაზედაც კვლავ ცემა და წამება მიიღო. ეს ფაქტი უცხოეთის პრესისთვის არ დარჩენილა უცნობი. ევროპისა და ამერიკის ჟურნალ-გაზეთებით ფართოდ გავრცელდა ეს დაუჯერებელი და სენსაციური ამბავი. მამა გაბრიელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას უკიდურესად არაჰუმანურად ეპყრობოდნენ.

   მამა გაბრიელი ბოლო წლებში ცხოვრობდა მცხეთის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ, მეფე მირიან III კოშკში. 1995 წელს ბერი წყალმანკით მძიმედ დაავადდა. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ გაბრიელ ბერი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა.1995 წ. 2 ნოემბერს არქიმანდრიტი გაბრიელი გარდაიცვალა. იგი ანდერძისამებრ დაკრძალულია ბერ-მონაზვნური წესით, ჭილოფში გახვეული, მცხეთის დედათა მონასტრის სასაფლაოზე. არქიმანდრიტი გაბრიელის სისხლი, რომელიც ექიმმა-ქირურგმა ზურაბ ვარაზაშვილმა აიღო ანალიზის ჩასატარებლად — დღემდე უხრწნელია. მამა გაბრიელის საფლავზე ჩაუქრობელი კანდელიდან აღებული ზეთი სასწაულებრივი კურნების თვისებით არის ცნობილი, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. ეს ფენომენი მეცნიერულად, დღემდე შეუსწავლელია.

   მამა გაბრიელმა იწინასწარმეტყველა საკუთარი გარდაცვალების თარიღი.

   წყარო: "კარიბჭე"

წმინდა ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსის ლოცვა შეეწიოს სრულიად საქართველოს!

 

 

26-08-2014, 17:01
უკან დაბრუნება