ივერიონი / ალექსანდრე ახალკაცი:-"არც პოროშენკოა იმდენად ძლიერი პოლიტიკოსი, რომ გაუძლოს ზეწოლას და არ დაყვეს პუტინის კარნახით თამაშს"

ალექსანდრე ახალკაცი:-"არც პოროშენკოა იმდენად ძლიერი პოლიტიკოსი, რომ გაუძლოს ზეწოლას და არ დაყვეს პუტინის კარნახით თამაშს"

   მინსკში ევროკავშირის, უკრაინისა და საბაჟო კავშირის წარმომადგენელთა შეხვედრა გუშინ მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვიქტორ პოროშენკო აცხადებდა, ამ შეხვედრაზე მთელი ევროპის და უკრაინის მომავალი იყო დამოკიდებული. 

მინსკში განვითარებულ მოვლენებზე უამრავი კომენტარი და შეფასება გაკეთდა და მაინც, რა იყო ეს-შეხვედრა შეხვედრისთვის თუ მშვიდობის დარეგულირებისთვის წინგადადგმული ნაბიჯი? ამას ალბათ უახლოესი დღეებიც გვაჩვენებს, ისე კი, ოფიციალურად უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, დღის ბოლოს კი შეხვედრის ახალი დეტალებიც გახდა ცნობილი.

   პუტინის განცხადებით  რუსეთი ყველაფერს გააკეთებს უკრაინაში მშვიდობიანი პროცესის განვითარებისთვის. მისივე თქმით, ის პოროშენკოსთან შეთანხმდა, რომ უკრაინის სამხრეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ერთობლივად ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის შესახებ. მისივე თქმით, რუსეთი და უკრაინა მნიშვნელოვნად თვლიან გაზის თემაზე დიალოგის აღდგენას. პრეზიდენტ პოროშენკოს პრეს მდივნის სვიატოსლავ ცეგოკოს განცხადებით, საზღვრის ჩაკეტვის შესახებ ორი ქვეყნის მესაზღვრეებსა და გენერალურ შტაბებს შორის კონსულტაციები დაიწყება. პოროშენკომ ასევე შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინა ძალიან მალე მოამზადებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გეგმას. ცნობილი გახდა ასევე, რომ შეხვედრაზე მიღეწული იქნა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც უკანონო პატიმრობაში მყოფი უკრაინის ყველა მოქალაქე გათავისუფლდება.

   მინსკის ფორმატზე საკუთარი შეხედულება გამოთქვა არასამთავრობო ორგანიზაციის "ახალგაზრდობა ახალგაზრდობისა და მომავლისთვის" თავმჯდომარემ ალექსანდრე ახალკაცმა. "ივერიონთან" საუბარში მან განაცხადა:

   -"მინსკის დღევანდელი შეხვედრა წინ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან აუცილებელიც კი იყო რუსეთთან უფრო აქტიური მოლაპარაკებები გამართულიყო, მთავარია პოროშენკო არ დათნხმდეს პუტინის შეთავაზებებს, რომელიც ყველა შემთხვევაში შეეცდება საუბარი სასურველ ფორმატში გადაიყვანოს, პუტინი ყველაფერს ეცდება გაამართლოს საკუთარი აგრესიული პოლიტიკა.

   პრეზიდენტმა პუტინა განაცხადა, რომ უკრაინის მიერ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა რუსეთის ეკონომიკას ას მილიონზე მეტი რუბლით დააზარალებს და ისინი ყველანაირად ეცდებიან საკუთარი ბაზრის დაცვას, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი უკან არ დაიხევს, თუ საჭირო გახდა უკრაინასთნ პირდაპირი კონფრონტაცია და საომარი მოქმედებები.

   ქეთრინ ეშტონი ზედმეტად თბილი მეჩვენა პუტინის მიმართ. არ შეიძლება ერთი ხელით სანქციებს აწერდე ხელს და მეორე ხელს თბილად ართმევდე სანქციების ადრესატს. ვფიქრობ არც პოროშენკოა იმდენად ძლიერი პოლიტიკოსი, რომ გაუძლოს ზეწოლას და არ დაყვეს პუტინის კარნახით თამაშს, მას აშკარად აშინებს მაშტაბურ ომში ქვეყნის ჩთრევა, მაგრამ ფაქტია დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის და მომავლის საქმე წყდება, უკრაინელი ხალხი უკვე დაირაზმა ნაციონალური იდეის გარშემო, იქ ახლა ნაციონალიზმი პიკშია და ეს უნდა გამოიყენოს პრეზიდენტმა. რაც შეეხება ევროპას, უფრო მეტად აგრესიული პოლიტიკა უნდა წარმართოს რუსეთის მიმართ".

 

    ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ მინსკის ფორმატის შეხვედრა 6 სექტემბერს კვლავ გაიმართება, რომლის მთავარი თემა ენერგეტიკული საკითხები იქნება. 

 

27-08-2014, 09:19
უკან დაბრუნება