ივერიონი / ანჩისხატი ათონის მთიდან - ტაო-კლარჯეთის გავლით მარიამობას თბილისში შემობრძანდება

ანჩისხატი ათონის მთიდან - ტაო-კლარჯეთის გავლით მარიამობას თბილისში შემობრძანდება

   გაეცანით და სხვებსაც გააცანიათ!

 

   28 აგვისტო - ანჩისხატის გზა ივერონიდან თბილისამდე - 2014 სალიტანიო ანჩისხატი ათონის მთიდან - ტაო-კლარჯეთის (ანჩის) გავლით მარიამობას შემობრძანდება თბილისში. 28 აგვისტოს 14:00 სთ-ზე რუსთაველის ძეგლთან ხატს შეეგებება სხვადასხვა ტაძრის მრევლი და ლოცვითი სვლით წააბრძანებენ მუზეუმის წინ არსებულ სამლოცველოში - მისი დედნის სიახლოვეს, სადაც სიწმიდეების წინაშე აღევლინება სავედრებელი პარაკლისი ჩვენი ერისა და ეკლესიის გაძლიერებისათვის. 2004 წლიდან ანჩისხატის გზა მეათედ აღევლინება... წელს ანჩისხატის გზა სიმბოლურად ათონის მთიდან - ივერონიდან დაიწყო, რამეთუ დღევანდელ მძიმე ჟამს ამ ორ უდიდეს სიწმიდეს განსაკუთრებულად ევედრება ქართველი ერი. ხატმა აგრეთვე ისტორიული კონსტანტინეპოლი და ტაო-კლარჯეთი (ანჩა) მოილოცა. ხატი თბილისში მარიამობას (ანჩისხატობის წინა დღით) შემობრძანდება.

   29 აგვისტოს - ანჩისხატობაა! საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და სასულიერო პირთა უშუალო მონაწილეობით სალიტანიო ანჩისხატის კანონიკური ასლი უკვე წლებია დაბრძანდება სრულიად საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ წმიდა ადგილების მოსალოცად _ საქადაგო მოწოდებით ,,სიწმიდეები გვიხმობენ". 

   -"ანჩისხატი, უდიდესი მადლი და უფლის ლოცვა-კურთხევაა. შევთხოვთ უფალს, რომ იგი იყოს ჩვენი მფარველი სრულქმნის ურთულეს გზაზე. ქართველმა ერმა სულიერად უნდა გაიაროს ის უდაბნო, რომელიც ისრაელმა ეგვიპტიდან აღთქმულ მიწამდე განვლო. თქვენ გახსოვთ, რამდენი განსაცდელი შეხვდა ისრაელს, მაგრამ მოსე წინასწარმეტყველი არ შეუშინდა დაბრკოლებებს და ებრაელი ერი აღთქმულ ქვეყანაში შეიყვანა. საქართველოში ყოველ ადამიანში უნდა მოხდეს სულიერი ფერისცვალება. მადლი და კურთხევა ხელთუქმნელი ხატისა ფარავდეს სრულიად საქართველოს და ჩვენს წმიდა ეკლესიას, ამინ."

 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

 

27-08-2014, 10:25
უკან დაბრუნება