ზესტაფონის რაიონის სოფელ სადგურ სვირში ახალი სკოლის მშენებლობა სრულდება, მიმდინარეობს შენობის გადახურვა, შიდა და გარე სარემონტო სამუშაობი. სვირში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი ჩავიდნენ, სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს და პედაგოგებსა და სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ.
სოფელ სადგურ სვირის მოსწავლეები რამდენიმე ათეული წელი ძველ შენობაში არასტანდარტულ, სწავლისათვის შეუფერებელ გარემოში სწავლობდნენ. სასწავლო პროცესი სოფლის განაპირას მდებარე რკინიგზის ქვესადგურის დამხმარე ნაგებობებში მიმდინარეობდა, სადაც არ იყო ელემენტარული სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. ნაგებობიდან 25 მეტრის დაშორებით მუშაობს მაღალი ძაბვის ქვესადგური, ხოლო შენობის თავზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები გადის, რომელთაც ძლიერი ელექტრო-მაგნიტური გამოსხივება აქვთ.
გასულ სასწავლო წელს სკოლაში მხოლოდ 57 მოსწავლე სწავლობდა, მათი რიცხვი ყოველწლიურად იკლებდა. მინისტრთან საუბრისას, სოფლის მოსახლეობამ იმედი გამოთქვა, რომ ყველა ის მოსწავლე, ვინც ცუდი სასწავლო პირობების გამო სკოლა დატოვა, აუცილებლად დაბრუნდება და ახალ, თანამედროვედ აღჭურვილ სკოლაში გააგრძელებს სწავლას.
ახალი სკოლის შენობა ძველ სკოლაზე გაცილებით უკეთეს და ხელსაყრელ ადგილზე აშენდა, ორსართულიანი თანამედროვე სკოლა ახალი ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვება, ექნება ცენტრალიზებული გათბობა, სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი, ექიმის კაბინეტი, ღია სპორტული მოედანი. სკოლა ასევე ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. სკოლა 120 მოსაწავლეზეა გათვლილი და 2014 წლის ოქტომბერში დაიწყებს ფუნქციონირებას.