არასამთავრობო ორგანიზაციები "იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია", "მსჯავრდებულთა იურიდიული დახმარება" და "ახალგაზრდები ახალგაზრდებისა და მომავლისათვის" შეწყალების კომისიის თავმჯდომარესა და პრეზიდენტს პატიმართა შეწყალების პრინციპებთან დაკავშირებით რეკომენდაციით მიმართავენ. ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით არსებობს რამდენიმე კრიტერიუმი, რაც პატიმართა შეწყალების თვალსაზრისით პრობლემებს ქმნის და პატიმრებს შერჩევითი სამართლისა და უსამართლობის განცდას უჩენს, მათ შორისაა შეწყალების ვადებისა და პატიმრებთან პირდაპირი კომუნიკაციის არარსებობა.
-"არის შემთხვევები, როდესაც მრავალგზის ნასამართლევი პირი შეწყალების კომისიის გადაწყვეტილებით თავისუფლდება, ხოლო პირველად ნასამართლევი – არა. ხშირია შემთხვევები, როდესაც კომისია ითვალისწინებს ციხის დეპარტამენტის მიერ 2012 წლამდელ პერიოდში პატიმრის დახასიათებაში ჩაწერილ შენიშვნას, რომ მან წესრიგი დაარღვია. ყველამ ვიცით, რომ მაშინ საკანში ჩურჩულიც კი რეჟიმის დარღვევად მიიჩნეოდა. მსგავს შემთხვევაში მნიშვნელოვანია პატიმრებთან პირდაპირი კომუნიკაცია, რათა გაირკვეს სასჯელის მიზნები მიღწეულია თუ არა"- განაცხადეს არასამთავრობოებმა და პროცესების მეტი გამჭვირვალეობის მიღწევის მიზნით, სამუშაო პროცესში მათი ჩართვისკენ მოუწოდეს.