მთავრობის ახალი ინიციატივა "სოლიდარობის ფონდთან" დაკავშირებით - ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ , რომელიც "საქართველოს სოლიდარობის ფონდის" და მისი ბენეფიციარების მხარდაჭერას ითვალისწინებს, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მარიამ ჯაშმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.
დღეს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით, საქველმოქმედო ფონდში ნებისმიერი სახის შენატანი დაბეგვრისგან გათავისუფლებულია.
ფინანსთა სამინისტროს მიერ საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებებით კი, სახელმწიფოს მიერ დაარსებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისგან საქველმოქმედო საქმიანობის ფარგლებში დახმარების მიმღები ბენეფიციარი ფიზიკური პირები, რომლებსაც "საქართველოს სოლიდარობის ფონდი" სხვადასხვა სახის დახმარებას (ერთჯერადი დახმარებები, რეგულარული სოციალური შემწეობები, მკურნალობის ხარჯების დაფინანსება) გაუწევს, აღნიშნულ მიღებულ შემოსავალზე ასევე გათავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან.
"ვამზადებთ ცვლილებას საგადასახადო კოდექსში, რომლის თანახმად ფიზიკური პირებისათვის სახელმწიფოს მიერ დაარსებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისგან საქველმოქმედო საქმიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავალი არ ჩაითვლება იმ შემოსავლად, რომლის გამოც მათ მოუწევთ ქონების გადასახადის გადახდა. აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს ფონდს, რათა მან უფრო მეტი თანხა მიმართოს საქველმოქმედო საქმიანობისთვის და დახმარება გაუწიოს სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგომ პაციენტებსა და მათ ოჯახებს", - განაცხადეს ფინანსთა სამინისტროში.