პოპულარული ჟურნალისტის ჰასან ჯემალის წიგნი სომხების გენოციდის შესახებ ელვის სისწრაფით იყიდება და ბესტსელერის სტატუსისთვის იბრძვის.
ამის შესახებ გაზეთ "Zaman"–ის მიმომხილველი შაჰინ ელპაი თავის სტატიაში წერს და მკითხველს შეახსენებს, რომ წიგნი მაღაზიების თაროებზე ჯერ მხოლოდ გასულ თვეში გამოჩნდა. "სომხების 1915 წლის გენოციდი", – ასე ჰქვია წიგნს, რომელიც სომხების გენოციდის აღიარების საკითხში ავტორის პოზიციის ცვლილებაზე მოგვითხრობს.
ჰასან ჯემალი ახალგაზრდა თურქთა მთავრობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურის, ჯემალ-ფაშას შვილიშვილია. მისი წინაპარი, რომელსაც კონსტანტინოპოლის სამხედრო ტრიბუნალმა დაუსწრებლად სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა და რომელიც 1922 წელს მოკლეს, გენოციდის ორგანიზებაში უშუალოდ მონაწილეობდა. ჟურნალისტის სქელტანიანი ნაშრომი 30 წლის წინათ გამოქვეყნებული სტატიით იწყება, რომელშიც ჰასან ჯემალი ამ საკითხზე თურქეთის სახელმწიფო პოლიტიკის დამცველად გვევლინება. წიგნში ჯემალი აღწერს თავისი პოზიციის ევოლუციას, რომელიც გენოციდის უარყოფით იწყება, ბოლოს კი აშშ-ში, კალიფორნიის უნივერსიტეტში მისი საჯარო აღიარებით მთავრდება.
"Zaman" აღნიშნავს, რომ არც "სომხების 1915 წლის გენოციდის" ავტორი, არც წიგნის გამომცემელი დღემდე არანაირად არ იდევნებიან. "ეს თურქეთში სხვადასხვაგვარ ტაბუსთან ბრძოლის საკითხში სერიოზულ პროგრესზე მეტყველებს", - დასძენს ელპაი.
ეკა ჯიმშელაძე
წყარო: საინფორმაციო სააგენტო "რეგნუმი"