მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს სარფში შეხვდა და მათთან ერთად "ჩაის სმის" დროს საქართველოსა და უკრაინაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
-"გული მიკვდება, გახეთქვაზე მაქვს, როცა ყოველდღე მესმის მკვლელობებზე, კრიმინალზე, ძალადობაზე. სისტემა არ უნდა მიდიოდეს უკან, არ უნდა გაუარესდეს ის, რაც ხალხს უნდა ემსახურებოდეს ჩვენ დიდი გამოწვევების წინ ვართ. საქართველო უნდა წავიდეს წინ!
ერთი რამ უნდა გვესმოდეს, ახლა არის დრო, როცა უნდა დავდგეთ პარტიულ ინტერესებზე მაღლა და ვაკეთოთ ის, რაც ხალხს ცხოვრებას გაუმჯობესებს. ახლა რაც ხდება საბაჟოზე, ეს არ უნდა ხდებოდეს, ნუთუ ერთი ჭკვიანი ადამიანიც არ დარჩა, რომ პროგრამამ ისევ იმუშაოს!"
ჩვენ უნდა შემძლოთ ახალი პარტიული ჯგუფების გაჩენა, არ უნდა იყოს ერთპარტიულობა და საქართველო უნდა წავიდეს წინ! დღეს ქვეყანა გვაქვს დასაბრუნებელი სწორ გზაზე და წინ წასაყვანი, არ უნდა დავუშვათ მისი გადაჩეხვა. მე არ მომწონს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი და თავდაცვის მინისტრი ასე დააკნინდეს, აქ პიროვნებებზე არ არის საქმე, მე ინსტიტუტებზე ვსაუბრობ"-განაცხადა სააკაშვილმა.
-"უკან საქართველოს დროშის ფონზე, სადაც სულ რამოდენიმე კილომეტრში ის ქვეყანაა, რომელიც წყვდიადიდან ამოიყვანა და განვითარების გზაზე დააყენა, სახელმწიფო, რომელიც შექმნა. მის უკან დაპაუზებული საქართველოა, რომელზედაც მიუხედავად ყველაფრისა მაინც ამხელა სიყვარულით საუბრობს, ფიქრობს და იბრძვის. ჩვენთან ერთად აუცილებლად საქართველო გაიმარჯვებს"-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე "ნაციონალური მოძრაობის " წევრი ანი წითლიძე.
სარფში სააკაშვილთან შეხვედრას სოციალური ქსელით ეხმიანება ნუგზარ წიკლაური და წერს:
-"ორი დღის მანძილზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან გვქონდა ინტენსიური შეხვედრები ტრაბზონში, რიზესა და სარფში.
მთავარი საკითხები იყო საერთაშორისო პრობლემატიკა, რუსეთ-უკრაინის ომი, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარება და პარტიის გეგმები.
ვიწყებთ აქტიურ მოქმედებებს პუტინის მარიონეტების პოლიტიკის და რუსულ ორბიტაზე დაბრუნების წინააღმდეგ.
უმნიშვნელოვანესია სამოქალაქო ჯგუფების ფართო ჩართულობა ამ პროცესში.
ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის.
ძალა ერთობაშია!"