ივერიონი / სააკაშვილზე ძებნის გამოცხადების გადაწყვეტილების მიღება დროში გაიწელება?

სააკაშვილზე ძებნის გამოცხადების გადაწყვეტილების მიღება დროში გაიწელება?

   მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების პროცედურები მიმდინარეობს.

   ამ საკითხს უკვე მოჰყვა გამოხმაურებები "ნაციონალურ მოძრაობაში". 

   -"არამგონია საზოგადოების დიდი ნაწილი სერიოზულად ეკიდებოდეს ივანიშვილის მსგავს გადაწყვეტილებებს და კარგი იყოს, რომ ახალი ხელისუფლება ასე დევნიდეს წინას. საქართველოს მოსახლეობას კარგად ახსოვს როგორ შეიძლება დაუბრუნდეს ხელისუფლებას ამგვარი დამოკიდებულება. რაც შეეხება დემოკრატიული ცივილიზებული ქვეყნების რეაქციას ის იქნება ძალიან ნეგატიური საქართველოს ხელისუფლებისათვის. ეს  არ წაადგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ეს არანაირად არ იმოქმედებს სააკაშვილის გადაადგილებაზე", - განაცხდა დავით დარჩიაშვილმა.  

   ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით შესაბამისი პროცედურების დაწყების თაობაზე უმრავლესობის წარმომადგენელმა ვიქტორ დოლიძემ კი აღნიშნა, რომ საქმე კვალიფიციურად იყოს დადასტურებული, რათა საერთაშორისო საზოგადოებას კითხვების არ გაუჩნდეს.

   -"მთავარია, პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, მაღალკვალიფიციურად დადასტურებული, რომ საერთაშორისო საზოგადოებას ზედმეტი კითხვები არ გაუჩნდეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება",- განაცხადა დოლიძემ.

    აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა ექსპერტი კახა კახიშვილი და განაცხადა, რომ მისი აზრით ინტერპოლი ამ საკითხს მხოლოდ წმინდა სამართლებრივად არ შეხედავს და ინტერპოლის გადაწყვეტილებას ნაწილობრივ პოლიტიკური საფუძველიც ექნება. კახიშვილის ვარაუდით ძებნის გამოცხადების გადაწყვეტილების მიღება დროში გაიწელება. 

   -"ძებნის გამოცხადების გადაწყვეტილებას იღებს პირადად ინტერპოლის ხელმძღვანელი, აქედან გამომდინარე, მე მიმაჩნია, რომ ეს პროცესი ძალიან სერიოზულად გაიწელება დროში. როდესაც საკითხი ეხება ექსპრეზიდენტს ბუნებრივია, პოლიტიკას უკვე დიდი მნიშვნელობა აქვს და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და ვისაუბროთ იმაზე, რომ ინტერპოლი მხოლოდ წმინდა სამართლებრივად შეხედავს ამ საკითხს არ მგონია, მაინც ბუნებრივია, იქნება გადაწყვეტილებაში ნაწილობრივ პოლიტიკური საფუძვლებიც"-აღნიშნა კახიშვილმა.

 

1-09-2014, 09:37
უკან დაბრუნება