ივერიონი / ირაკლი ღარიბაშვილი:-"ვარდების რევოლუციის" დროს მოსული ჯგუფი გადაიხარა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისაკენ და დემოკრატიული განვითარება ისევ შეჩერდა"

ირაკლი ღარიბაშვილი:-"ვარდების რევოლუციის" დროს მოსული ჯგუფი გადაიხარა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისაკენ და დემოკრატიული განვითარება ისევ შეჩერდა"

   პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო ლიდერთა კონფერენციის მონაწილეებს მიმართა.

"ეს ღონისძიება ეწყობა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტისა და სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის მიერ, ფონი "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით.

 

თქვენი მონაწილოება ამ ღონისძიებაში მეტად სასიხარულოა ჩვენთვის. მართალია, დროისა და ყურადღების უდიდეს ნაწილს თქვენ დაუთმობთ თემებს: "დემოკრატიზაციის მომავალი" და "თანამედროვე სახელმწიფოს აშენების საუკეთესო გზა", მაგრამ იმედი მაქვს, რომ კიდევ ორი რამის გაკეთებას შეძლებთ.

 

პირველი - იმედი მაქვს, რომ დროს დაუთმობთ საქართველოს გაცნობას. ცხადია, ამ საკითხთან მიმართებით მიკერძოებული ვარ, მაგრამ საქართველო მართლაც გასაოცარი ქვეყანაა, რომლის მცირე ტერიტორიაზე თავმოყრილია ულამაზესი პლიაჟები, ზღაპრული მთები, ისტორიული ძეგლები, დათარიღებული როგორც რომის იმპერიის აღზევების პერიოდამდე, ისე მას შემდეგ. ყველაფრის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა. ჩვენი ხალხი ცნობილია სტუმართმოყვარეობით, ჩვენი სამზარეულო და ღვინო კი, საუცხოოა. მოდით, ასე ვთქვათ: შინ დაბრუნებისთანავე ყოველ თქვენგანს, ნაპას ველიდან ჩამობრძანებულთა ჩათვლით, მოგენატრებათ ქართული ღვინის გამო. ასე რომ, დატკბით ყველაფრით, რასაც ჩემი ქვეყანა გთავაზობთ და შემდეგ თქვენს მეგობრებთან ერთად დაგვიბრუნდით.

 

მეორე - როგორ ვიცი, თქვენი აქ ყოფნის მიზანია საქართველოს გამოცდილების გაცნობა და იმის შესწავლა, თუ რა გაკვეთილის გამოტანა შეიძლება ამ გამოცდილებიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფოების მშენებლობის კუთხით. მიუხედავად ამისა, გამოვთქვამ იმედს, რომ თქვენც გაგვიზიარებთ თქვენს პროფესიულ მოსაზრებებს საქართველოში შემდგომი გაუმჯობესების გზებთან დაკავშირებით. მართალია, ამ ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით წინ, მაგრამ ჩვენი დემოკრატიული წინსვლა ჯერ არ დამთავრებულა.

მოკლედ გაგიზიარებთ ჩემს შეხედულებებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით. ზოგადად, სწორი მიმართულებით მივიწევთ წინ. დღეს საქართველო სულ სხვაა იმასთან შედარებით, რასაც ის წარმოადგენდა ოცი წლის წინ. ყველა სფეროში, ჯანდაცვითა და განათლებით დაწყებული, ეკონომიკით დამთავრებული და გამომდინარე დღევანდელი ფორუმის მიზნებიდან, განსაკუთრებით დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით, საქართველოში მიღწეულია უზარმაზარი წინსვლა.

 

უნდა ვაღიაროთ, რომ ეს გზა ვარდებით მოფენილი არ იყო. მას ახლდა უკომპრომისო ბრძოლა უამრავ ძალასთან, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე შინ, რომლებიც ცდილობდნენ ჩვენი წინსვლის შეჩერებას. 

 

მახსოვს, როგორი იყო ცხოვრება საქართველოში საბჭოთა კავშირის პირობებში. მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი. ცხოვრება რთული იყო, მაგრამ ჩვენ გვქონდა უკეთესი მომავლის იმედი.

 

შემდეგ კედელი დაინგრა და ბევრი რამ შეიცვალა. მე ვარ ქართველთა ახალი თაობის წარმომადგენელი, რომელმაც გამოიარა და თავად განიცადა ჩვენს ქვეყანაში მომხდარი დიდი ცვლილებები. გამოსვლა საბჭოეთის დომინირებიდან და დამოუკიდებლობის გზაზე დადგომა არ იყო მარტივი. იყო მნიშვნელოვანი მარცხებიც, მაგრამ ჩვენ არ გვღალატობდა ძლიერი დემოკრატიისაკენ ლტოლვის სულისკვეთება.

 

ჩვენი ისტორიის დეტალების განხილვა თქვენთვის მომინდვია, მაგრამ სამართლიანი იქნებოდა იმის აღნიშვნაც, რომ ჩვენი გზა დემოკრატიისაკენ ფასიანი ქაღალდების ბირჟას შეიძლება შევადაროთ. ზოგადად, დროთა განმავლობაში მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ ამ გზაზე სერიოზული დაცემაც დაფიქსირებულა.

 

ჩვენი ქვეყნის მეორე პრეზიდენტი და ცივი ომის დასრულების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი ედუარდ შევარდნაძე მოვიდა ხელისუფლებაში ახალი დღის წესრიგით - ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მიუხედავად დიდი მოლოდინისა და შთამბეჭდავი დასაწყისისა, მისი მთავრობა კორუფციაში ჩაეფლო, სასამართლო ვერ გათავისუფლდა და ვერც დემოკრატიული ინსტიტუტები ჩამოყალიბდა სრულად.

 

ქართველმა ხალხმა ვეღარ აიტანა ქვეყნის წარუმატებლობა და მშვიდობიანი გზით დაიცვა თავისი უფლებები 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" დროს. ამ რევოლუციის ტალღაზე მოვიდა ახალგაზრდა ლიდერების ახალი ჯგუფი, რომლებმაც წამოიწყეს ბევრი ინიციატივა, განსაკუთრებით პოლიციაში კორუფციის აღმოფხვრისა და ბიზნესებისათვის საქმიანობის გამარტივების კუთხით. მიუხედავად ამისა, დროთა განმავლობაში ეს ჯგუფი გადაიხარა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისაკენ და დემოკრატიული განვითარება ისევ შეჩერდა", - განაცხადა პრემიერმა.

 

1-09-2014, 09:59
უკან დაბრუნება