ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, "სასწრაფო დახმარებით მომსახურეობასთან დაკავშირებით დღეიდან არაფერი იცვლება".
მინისტრი გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, დღეიდან სასწრაფო დახმარების მანქანები განსხვავებული პროტოკოლით იმოქმედებენ.
"მინდა გამოვეხმაურო გავრცელებულ და რეალობასთან შეუსაბამო ინფორმაციას, რომელიც მართალი გითხრათ არ ვიცი დაიდან არის წამოსული და უბრალოდ ზედმეტი მღელვარების საფუძველს ქმნის, რომ დღეიდან სასწრაფო დახმარების მანქანები განსხვავებული პროტოკოლით იმოქმედებენ. გარწმუნებთ, რომ ამ მხრივ დღეიდან არაფერი ცვლილება არ არის მოაზრებული, მომსახურეობა გრძელდება ისევ ისე, როგორც იყო, ხოლო პრიორიტეტები, რაზეც ჩვენ ვამბობდით, წლის ბოლომდე ეტაპობრივად დაინერგება. ეს იქნება ინსტრუმენტი იმისათვის, რომ გაკონტროლდეს სასწრაფო დახმარების მომსახურეობის ხარისხი და არა პირიქით, ბარიერი შეუქმნას მოსახლეობას. პრიოროტეტები გამოძახების დროს გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა რამდენიმე გამოძახებაა და ნაკლები ბრიგადა. ამ შემთხვევაში ლოგიკურია, რომ მორიგემ ბრიგადა გაუშვას ავტოსაგზაო შემთხვევაზე და არა მაგალითად მაღალ ტემპერატურაზე", - განაცხადა სერგეენკომ.