დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ტრადიციის გაგრძელება ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი წინსვლისათვის - განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო ლიდერთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
"ის, რომ ჩემი მთავრობა მოვიდა ქვეყნის სათავეში 2012 წლის მშვიდობიანი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, არ არის საკმარისი. ჩვენი ვალდებულებაა, უზრუნველვყოთ ნებისმიერი შემდგომი არჩევნების თავისუფლება და სამართლიანობა.
საბედნიეროდ, ჩვენი დიდი ძალისხმევის შედეგად 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი არჩევნები მოწონებული იყო საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. უკანასკნელმა არჩევნებმა გზა გაუხსნა უფრო მეტი ძალაუფლების დეცენტრალიზაციას და მეტი პასუხისმგებლობის დაკისრებას ადგილობრივ ხელისუფლებაზე. ეს ტენდენცია გააძლიერებს დემოკრატიას და ურთიერთობებს ხელისუფლებასა და ხალხს შორის.
საქართველოში გაყალბებული არჩევნების ეპოქა ისტორიას ჩაბარდა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩემს გუნდს კიდევ ერთხელ მოუწევს ბრძოლა თითოეული ხმისათვის,", - განაცხადა პრემიერმა