ივერიონი / პ/გ "თეთრები":-"მარგველაშვილი ისეთივეა, როგორიც იყო, მისი ბრალი არ არის, რომ ის პრეზიდენტია"

პ/გ "თეთრები":-"მარგველაშვილი ისეთივეა, როგორიც იყო, მისი ბრალი არ არის, რომ ის პრეზიდენტია"

   -"დღეს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, პოლიტიკოსთა სრული შემადგენლობა საუბრობს პრეზიდენტ მარგველაშვილზე – პოზიცია კრიტიკულია, აქცენტი კეთდება იმაზე, რომ იგი გაპრეზიდენტების შემდგომ შეიცვალა.

ჩვენ,"თეთრები" აბსოლუტურად არ ვიზიარებთ ამ პოზიციას და ვთვლით, რომ ეს არის თანამედროვე კომფორმიზმი. მარტივად რომ ვთქვა, ბატონი ბიძინა ივანიშვილი უჭერდა მხარს მარგველაშვილს – ყველა, მიუხედავად მარგველაშვილისადმი მისი დამოკიდებულებისა, იზიარებდა (უმეტესწილად ბრმად) ბატონი ივანიშვილის პოზიციას. დღეს ბატონი ბიძინა თვლის, რომ მარგველაშვილი გაპრეზიდენტების შემდგომ შეიცვალა, და ეს კონფორმისტული პოლიტიკური თუ სხვა ელიტაც იზიარებს ბატონი ბიძინას განწყობას და შერისხავს ბატონ მარგველაშვილს.

   მარგველაშვილი არ შეცვლილა. არის ისეთი, როგორიც იყო. მისი ბრალი არ არის, რომ ის პრეზიდენტია. ეს არის ბიძინა ივანიშვილის და ყველა იმ ადამიანის ბრალი, ვინც მას დაუჭირა მხარი საპრეზიდენტო არჩევნებში.

   მარგველაშვილი უფრო გულახდილი აღმოჩნდა, ვიდრე ის ხალხი, ბატონი ივანიშვილის ჩათვლით, ვინც მის გაპრეზიდენტებას თავგამოდებით უჭერდა მხარს. მან გულწრფელად თქვა, რომ იგი პლასტელინია, დაადასტურა რომ ის იდგა "სოროსის ფონდის". "თავისუფლების ინსტიტუტის", "ენ-დი-აი"-ს შექმნის სათავეებთან, არ უარყვია , რომ ყველაზე დიდი თანხა ამერიკის სექტანტური მიმართულების ჯგუფებმა სწორედ იმ ინსტიტუტში ("ჯიპა") ჩადეს, რომლის რექტორადაც მარგველაშვილი განამწესეს… არ უარყვია, რომ იგი ნევროლოგიური დიაგნოზით არის ავად და მკურნალობს.

   რას ვერჩით ამ კაცს? ყველაფერი გულახდილად გვითხრა. ჩვენ არ ვიფიქრეთ იმაზე, რომ ქვეყნის სათავეში არ ყოფილიყო პლასტელინი, ანტიეროვნული არასამთავრობო ორგანიზაციების შემქმნელ-დამფუძნებელი, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე პიროვნება.

ჩვენ პოზიცია არ შეგვიცვლია. როცა ლამის მთელი საქართველო ბიძინა ივანიშვილს გაეგო ფეხქვეშ და მის საამებლად მარგველაშვილს დაუჭირა მხარი საპრეზიდენტო არჩევნებზე, ჩვენ გულახდილად ვთქვით სათქმელი არა იმიტომ, რომ ვინმეს ვეწინააღმდეებოდით, ან ოპოზიციაში ვუდგებოდით, არამედ იმიტომ, რომ ჩვენთვის მთავარია საქართველო და ვთვლით, რომ მისი ხელისუფლება ქვეყნის გარედან არ უნდა იმართებოდეს, იყოს მხოლოდ საკუთარი ქვეყნის და მისი ხალხის, ეროვნული ინტერესების მსახური.

პ/გ "თეთრები"

1-09-2014, 12:36
უკან დაბრუნება