"წელს არ არის იმის საშუალება, რომ გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოცდები კომპიუტერული ტესტით ჩაატაროს. ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ დავით ზურაბიშვილმა საკუთარ "ფეიბუქის" გვერდზე დაწერა.
მისი თქმით, არის სერიოზული ეჭვი, რომ მონაცემთა ბაზა გატეხილია და გამოცდების ცენტრიდან არის გატანილი, ახალი ტესტების შედგენა კი არ ესწრება. "სამინისტროს ძველი ხელმძღვანელობა კი საერთოდ სხვა ტიპის ტესტებით აპირებდა გამოცდების ჩატარებას. მეორეს მხრივ, ჩვენ კანონი გვავალდებულებს, რომ ატესტატი არ გაიცეს გამოცდების ჩატარების გარეშე. ამ შემთხვევაში რჩება ორი ვარიანტი, ან კანონი უნდა შეგვეცვალა და საერთოდ გაგვეუქმებინა გამოცდები (რაც ჩვენი აზრით, არასწორი იქნებოდა) ან მიგვეღო ის გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ. გასაგებია, რომ ეს არ არის იდეალური ვარიანტი, მაგრამ არსებულ სიტუაციაში სხვა ვარიანტიც არ არის. თანაც ეს არის ერთჯერადი გამონაკლისი. შემდეგი სასწავლო წლიდან სულ სხვა სისტემა ამოქმედდება."
შეგახსენებთ, რომ დღეისთვის მიღებულია გადაწყვეტილება, რომ გამონაკლისის წესით ახლანდელი მეთორმეტე კლასელთათვის გამოცდების ჩატარების ორგანიზება თავად სკოლების მიერ მოხდეს.