ივერიონი / მერაბ შათირიშვილი: საქართველოში მესიანობა უნდა დამთავრდეს!

მერაბ შათირიშვილი: საქართველოში მესიანობა უნდა დამთავრდეს!

   გვესაუბრება საზოგადოებრივი მოძრაობა „ახალი რეალობისთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე მერაბ შათირიშვილი.

- ბატონო მერაბ, რამდენადაც ვიცით დაფუძნდა  მოძრაობა „ახალი რეალობისთვის“, რომელიც, როგორც თქვენი ენთუზიაზმიდან ჩანს, სერიოზული „ნახტომისთვის“ ემზადება. იქნებ დააკონკრეტოთ რისთვის შეიქმნა ეს მოძრაობა და  სამომავლოდ რა მიზნები და ამოცანები აქვს მას?!

- ბოლო წლებმა დაადასტურა, რომ სამოქალაქო სექტორი  საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ვერ იღებს ჯეროვან მონაწილეობას, ხალხის აზრი ყოველთვის იგნორირებულია. როგორც წესი, პოლიტიკური პარტიები მოდიან ხელისუფლებაში, როგორც კი თავისას გაინაღდებენ, ხალხი ავიწყდებათ!

საზოგადოებრივი მოძრაობა არსებული   რეალობის შესაცვლელად  შეიქმნა. ჩვენი მიზანი საზოგადოების გააქტიურება და სახელმწიფოს მშენებლობაში ჩართვაა . ხელისუფლებამ  ხალხის ნება უნდა გაითვალისწინოს, რაც  სამწუხაროდ  ასე არ ხდება...

- საქართფველოში ბევრი ასეთი მოძრაობა  ფუძნდება, მაგრამ საქმიანობას გაგრძელება არ მოჰყვება ხოლმე - ისინი ძირითადად იქმნებიან იმისთვის, რომ მოიზიდონ გრანტები და როგორც კი თავისას დაიგულებენ, ავიწყდებათ ის მიზნები და ამოცანები, რისთვისაც შეიქმნა. რა გარანტია აქვს მოსახლეობას, რომ ანალოგიურ სიტუაციაში არ  აღმოჩნდება თქვენს მიერ დაანონსებული მოძრაობა?

- მოძრაობა „ახალი რეალობისთვის“ გრანტებზე ორიენტირებული არ არის, დარწმუნებული ვარ, ვერც მივიღებთ, რადგან  ჩვენ ქართული ღირებულებების დაცვაზე ვართ ორიენტირებული...

- უკაცრავად, მაგრამ ანალოგიური ლოზუნგით ბევრი სხვა მოძრაობაც მოვიდა...

- გეთანხმებით, თუმცა გარწმუნებთ, რომ მოძრაობა მოძრაობისთვის არ იქნება, ჩვენ ქმედით ნაბიჯებს მალე გადავდგამთ.

- თქვენ ამბობთ, რომ გრანტზე ორიენტირებული არ ხართ, ბუნებრივია, მკითხველს დააინტერესებს, მოძრაობა სიცოცხლისუნასრიანი რომ გახდეს, რა რესურსებს დაეყრდნობა იგი? ქართულ ბიზნესს  ასეთი მოძრაობები ნაკლებად აინტერესებთ. როგორ აპირებთ არსებობას: შემონატანებით, ვიღაცის სამადლოდ გადმოგდებული კაპიკებით, თუ?..

- 6 სექტემბერს 18:00 საათზე ჩვენ ვერის პარკში (ჭადრაკის სასახლეში)  ვგეგმავთ ფართომასშტაბიან შეკრებას. ჯერჯერობით ჩვენ მხოლოდ ჩვენს შესაძლებლობებს ვეყრდნობით. ვიცით, რომ ბიზნესი საქართველოში ახლაც არ არს თავისუფალი.

-  „ოცნება“ ამბობს, რომ თავისუფალია!..

- თუკი საზოგადოებრივი მოძრაობა „ ახალი რეალობისთვის“  მოიპოვებს ავტორიტეტს ხალხში და სწორი გზით ივლის, ნებისმიერ ბიზნესმენს, ვისაც საქართველოსთვის გული შესტკივა, შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს. თუმცა, პირდაპირ გეტყვით, რომ მე ამის დიდი იმედი არ მაქვს.

- „ივერიონისთვის“ მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ ამბობთ, რომ მოძრაობაში ცნობადი სახეები არ არიან, დაანონსებულ 6 სექტემბერს ვის ელოდებით, ვინ შეიძლება იყოს თქვენი მხარდამჭერი,  ახალს რას შესთავაზებვთ საზოგადოებას?

-  ჩვენი მხარდამჭერები იქნებიან ადამიანები, რომლებიც ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგნი არიან, ისინი,  ვისაც სურთ, რომ საქართველოში სამართლიანობა აღსდგეს არა ზემოდან, არამედ, ქვემოდან და ისინი, ვისთვისაც სახელმწიფოებრივად აზროვნება მნიშვნელოვანია.  მოძრაობაში არიან ადამიანები, რომლებიც კარგი სახელით სარგებლობენ...

2012 წლის არჩევნების დროს ხალხი ფიქრობდა, რომ ივანიშვილის სახით მოვიდა მესია, რომელიც ხალხს ყველა პრობლემის მოგვარებაში დაეხმარებოდა. საზოგადოება იმედგაცრუებულია იმით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში დღესაც ერთადერთ ოპოზიციადაა   წარმოდგენილი და თავიანთ საქმეს აგრძელებენ.   იმ ფონზე, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მართალია კულუარებიდან, მაგრამ მაინც მართავს პოლიტიკას, რისი იმედი უნდა ჰქონდეს ახლადდაფუძნებულ მოძრაობას, მითუმეტეს, თქვენ აცხადებთ, რომ ფინანსური რესურსები არ გაქვთ. საზოგადოებაში დამკვიდრდებულია აზრი, რომ რესურსების გარეშე საქმეების კეთება შეუძლებელია...

საზოგადოების ესეთი დამოკიდებულება დიდი შეცდომაა. ქვეყანა უნდა გადარჩეს. ამას მხოლოდ ქართული ღირებულებების გადარჩენით შევძლებთ. სწორედ ამ ქართული იდეის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს ხალხი. მაშინ, როდესაც ჩვენს გარშემო ისეთი ცუდი ვითარებაა, ხელისუფლებას უნდა აწყობდეს საზოგადოებრივი მოძრაობის გაძლიერება, პასუხისმგებლობა, რომელიც ბ-ნ ბიძინა ივანიშვილმა აიღო, უნდა შეუმცირდეს. მესიანობა საქრთველოში უნდა დამთავრდეს.

- თქვენ განაცხადეთ, რომ ითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო  არჩევნებს. ამ დროს არ უპირისპირდებით მთავრობას და პრეზიდენტს, მითუმეტეს ვიცით, რომ შიგნით სიტუაცია არეულია, რაც კარგად ჩანს პრეზიდენტისა და პარემიერის ურთიერთობაში, როგორ გინდათ მოითხოვოთ საპარლამენტო არჩევნები და არ გააკრიტიკოთ მთავრობა და მოქმედი პრეზიდენტი?

-  ვადამდელი საპასრლამენტო არჩევნები გარდაუვალია. რაც შეეხება  დაპირისპირებას, ვფიქრობ, ყველაფერი კონსტიტუციურ ჩარჩოებში ჩაჯდება, თუმცა, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა საზოგადოების ინტერესშია და თუ ხლისუფლება არ გაითვალისწინებს, სერიოზული დაპირისპირება შეიძლება მერე დაიწყოს!..

ბ-ნ  ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც იგი პოლიტიკიდან მიდიოდა ბრძანა, რომ ის სამოქალაქო სექტორში გადადის. ეს კი ის ბერკეტია, რომლითაც ხელისუფლების გაკონტროლება ხდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“, რომლითაც სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას აპირებდა, მხოლოდ რეგისტრირებული დარჩა, არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგია და მეორე, ვთქვათ ჩატარდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, მივიღებთ თუ არა ახალ პოლიტიკურ რეალობას?

თავიდანვე განვაცხადე, რომ მისი ეს განცხადება უპერსპექტივო იყო. ამ პერიოდში ბ-ნ ბიძინა ივანიშვილი ყველაზე კარგად ოპოზიციაში იქნება მორგებული. ჩვენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს იმიტომ ვითხოვთ, რომ პოლიტიკური ბალანსი შეიცვალოს, პარლამენტი უფრო მრავალფეროვანი გახდეს და არ იყოს მხოლოდ ორი დაპირისპირებული ძალა.ხალხში გაჩნდება იმედი, შეიცვლება მიდგომებიც...

-დაინიშნება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნები?

- ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სხვა არჩევნები კონსტიტუციურ ვადაში უნდა ჩატარდეს. ვფიქრობ, თუ ეს არჩევნები ჩატარდა ამ კინკლაობასაც ბოლო მოეღება! პარლამენტი, პრეზიდენტი, მთავრობა ყველა ბ-ნ ბიძინა ივანიშვილის მოყვანილია, საპარლამენტო არჩევნებს რომ მივაღწიოთ, ორი გზა არსებობს - ეს ან ხალხის ზეწოლით უნდა მოხდეს, ან პოლიტიკურ კრიზისამდე უნდა მივიდეთ და პრეზიდენტმა საკუთარი ნება უნდა გამოხატოს.

- დანიშნავს პრეზიდენტი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს?

- მართალია, ქვეყნის შიგნით ჯანსაღი ვითარება არ არის. მოსახლეობის 70% საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლადაც არ მივიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხი დღევანდელი ხელისუფლებით უკმაყოფილოა. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები კი დემოკრატიის  ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია.

- შესაძლებელია თუ არა თქვენი საზოგადოებრივი მოძრაობა პოლიტიკურ მოძრაობად გარდაიქმნას, რომელსაც პრეტენზია ექნება მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა?

-  ჩვენი მოძრაობა დეპოლიტიზირებულია. მსგავს რამეზე ჯერჯერობით ვერც ვიფიქრებთ, რადგან, პოლიტიკურ ორგანიზაციად გარდასაქმნელად დაფინანსებაა საჭირო, რაც არ გვაქვს! ისე კი ყველაფერი საზოგადოების მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული პოლიტიკურ მოძრაობად გადაკეთდეს, თუ მოძრაობა ცოცხალ ორგანიზმად დარჩეს!

   ჩვენ მენკარტილური ამბიციები არ გაგვაჩნია, დღეს ქვეყანაა გადასარჩენი!.

- პოლიტიკურ პარტიებთან როგორი დამოკიდებულება ექნება მოძრაობას?

- 6 სექტემბერს  პოლიტიკოსებს თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ, რადგან, ეს მხოლოდ საზოგადოების წევრების შეკრება იქნება, ხოლო, როდესაც კონსტიტუციის ფარგლებში საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას დავიწყებთ და რომელიმე პარტია ამ აზრს გაითვალისწინებს, ჩვენ მათ ხელს არ  ვკრავთ. შემოერთების წინააღმდეგნი არ ვართ.

   ჩვენ კი წარმატებას ვუსურვებთ ახლად დაფუძნებულ მოძრაობას.

                                                                                                                    ესაუბრა ნათია ხარბედია

1-09-2014, 13:41
უკან დაბრუნება