შესაძლოა საქართველოში NATO-ს სამხედრო საწვრთნელი ცენტრი შეიქმნას - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა უელსის სამიტის წინ გამართულ ბოლო პრესკონფერენციაზე განაცხადა. რასმუსენმა უელსის სამიტის დღის წესრიგსა და ალიანსის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
"პაკეტი, რომელსაც საქართველო მიიღებს, უფრო მეტად დააახლოვებს მას NATO-სთან. შევქმნით თავდაცვის შესაძლებლობებისთვის სპეციალურ მისიას, რომელიც ყურადღებას გაამახვილებს თავდაცვის სამინისტროზე და დაეხმარება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის რეფორმირებასა და მოდერნიზებაში. ალიანსის წვრთნებში მონაწილეობის გააქტიურებით გავაგრძელებთ ძალისხმევას საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გასაძლიერებლად, რომ უკეთ იმუშაონ მათ NATO-ს შენაერთებთან ერთად. სამხედრო წვრთნები შეიძლება ორგანიზებული იყოს საქართველოში, რომელშიც ჩარტული იქნებიან NATO-ს პარტნიორები. ასევე, განვიხილავთ საქართველოში სამხედრო-საწვრთნელი ცენტრის შექმნას და სამეკავშირეო ოფისის გაფართოებას" - განაცხადა რასმუსენმა.