ივერიონი / სანამ ისინი ბოლომდე „გარეკავენ“, მანამ ჩვენ უნდა გავრეკოთ!!!

სანამ ისინი ბოლომდე „გარეკავენ“, მანამ ჩვენ უნდა გავრეკოთ!!!

დღევანდელი პარლამენტი რომ გასარეკია, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როცა პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ცინიკური კომენტარები მოვისმინე: საქართველოს პარლამენტი ქუთაისში არის და იქნება, მაგრამ რუსთაველზე არსებულ ძველ შენობასაც შევინარჩუნებთ, რადგან იგი ჩვენს ბალანსზეა და გამოგვადგებაო.

მეტი არაა ჩემი მტერი, დღევანდელი „ხვითო“ პარლამენტარები მოქალაქეების ზედმეტად შეწუხების გამო „ვენებს იჭრიდნენ“, მაგრამ თავიანთი რომ უნდა „გაისწორონ“, ფაქტია.

გახსოვთ ალბათ, როცა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, პირველი, რითაც საკუთარი მოთხოვნების საჯაროდ დემონსტრირება მოახდინეს, პარლამენტის თბილისში დაბრუნება იყო, თან იფიცებოდნენ - საკონსტიტუციო ბარიერსაც გადავლახავთ და მალე დედაქალაქში დავბრუნდებითო, მითუმეტეს, აღმოჩნდა, რომ იქ (ქუთაისში) მუშაობის ელემენტარული პირობები არ იყო!

პირველი ნაბიჯებიც გადაიდგა - გამოცხადდა ტენდერი „ნაცების“ მიერ ძალით დანგრეული პარლამენტის შენობის აღსადგენად და თუ არ ვცდები, საორიენტაციო ვადაც იყო განსაზღვრული, თუ როდის უნდა დაბრუნებოდნენ ღირსეული კანონმდებლები დედაქალაქს.

დღეს არავინ საუბრობს იმ ჰაერში გასროლილ მილიონებზე, რომელიც ქუთაისში აშენებულ თავკომბალას დაახარჯეს „ნაციონალებმა“, ისიც არავის ახსოვს, რას ერჩოდნენ იგივე „ნაციონალები“ რუსთაველზე მდებარე პარლამენტის ტრადიციულ შენობას და რატომ გამოფატრეს იგი ყელში სასიკვდილოდ განწირული ღორივით!

ქუთაისი საკურორტო ზონა რომ იყოს, ალბათ ვიფიქრებდით, რომ იქაურ ჯოჯოხეთის მაშხალას (თვითონვე ამტკიცებენ, რომ იქ სუნთქვა ჭირს!) საზაფხულო რეზიდენციად გამოიყენებენ ზედმეტი მუშაობისგან დაღლილ-დაქანცული პარლამენტარები, მაგრამ... ჯერ ერთი ქუთაისი ვერ იქცა და ვერც იქცევა საპარლამენტო ქალაქად მიზეზთა და მიზეზთა გამო და მეორეც, საიდან ასეთი ფუფუნება გაძვალტყავებულ საქართველოს, რომ ორი პარლამენტი ჰქონდეს?!

დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკური ნება რომ ყოფილიყო, პარლამენტი თბილისს დროულად დაუბრუნდებოდა და იმ უაზრო ხარჯებსაც ავიცილებდით თავიდან, რაც პარლამენტართა გადაადგილებას, მათ კომუნალურ და დაიჯარო ხარჯებს უკავშირდება!

თუმცა, რატომაც არა - გასდით და ისე იქცევიან, როგორც მოეპრიანებათ. ამ შემთხვევაშიც ის „სასიკვდილო ბაცილა“ იმალება, რომლისაც „ნაციონალებს“ ძალიან ეშინოდათ და დედაქალაქიდან გაქცევით ცდილობდნენ თავის დაღწევას.

დიახ, დღევანდელ პარლამენტსაც ეშინია „ტრადიციული“ პერმანენტული აციების, რომელიც, როგორც ჩანს, გარდაუვალია!

ახლა უფრო მესმის მერაბ შათირიშვილის, რომელმაც „ქართული ოცნების“ კარი მოიჯახუნა და საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება სცადა და რომლის უპირველესი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.

ვადამდელი არჩევნების პათოსს მეც ვიზიარებ, მაგრამ ერთ რამეში არ ვეთანხმები შათირიშვილს: ამის მიზეზი მარტო „ერთადერთი“ საპარლამენტო ოპოზიციის - „ნაციონალების“ რევანშისტული განწყობა კი არ არის, არამედ, მთლიანად დღევანდელი პარლამენტის ორწლიანი არსებობის შედეგია, რომელმაც თავისი „ნოვაციური“ კანონებით ნამდვილად გაუსწრო „ნაციონალურსაც“!

აქედან გამომდინარე, სანამ ისინი ბოლომდე „გარეკავენ“, პარლამენტი ჩვენ უნდა გავრეკოთ...

 

წინ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისკენ!

ანდრია ლისაშვილი

2-09-2014, 11:33
უკან დაბრუნება