საქართველო 2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით იქნება წარმოდგენილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორის, იურგენ ბოსის შეხვედრაზე აღინიშნა.
მთავრობის მეთაურმა იურგენ ბოსს განუმარტა, რომ ეს საქართველოსთვის არა მხოლოდ მნიშნელოვანი კულტურული, არამედ პოლიტიკური პროექტია, შესაბამისად, პროცესის კოორდინაციას პირადად უხელმძღვანელებს.
როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, იმისთვის, რომ საქართველო 2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ღირსეულად წარმოჩინდეს, 300-ზე მეტი ქართული წიგნის თარგმნა იგეგმება. აღნიშნულ პროცესს კოორდინაციას გაუწევს ეროვნული წიგნის ცენტრი, რომელიც კულტურის სამინისტროსთან შეიქმნა.
შეხვედრაზე ასევე საქართველოს მრავალსაუკუნოვან ტრადიციებზე, ლიტერატურისა და კულტურის უძველეს ნიმუშებსა და ქართული დამწერლობის უნიკალურობაზე გამახვილდა ყურადღება.
"ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ 2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი იქნება. ჩვენ ვისაუბრეთ მოსამზადებელი პროცესის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს მომავალი სამი წლის განმავლობაში. საუბარი შეეხო თარგმანებს და ასევე საქართველოს კულტურულ ტრადიციებს", - განაცხადა იურგენ ბოსმა.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორმა საქართველოს მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა წარმატებული იქნება.