ივერიონი / კახა კალაძე:-"ჩვენ დავაშავეთ საზოგადოების წინაშე"

კახა კალაძე:-"ჩვენ დავაშავეთ საზოგადოების წინაშე"

   კახა კალაძე გაზეთ "რეზონანსთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკოსების ახალი თაობა ახლადმოსულმა ადამიანებმა უნდა შექმნან და ყველა წარსულში ჩარჩენილი გამარგინალებულ პარტია ჩაანაცვლონ.

   -"დიახ, მე ახალი სახე ვარ ქართულ პოლიტიკაში და მიმაჩნია, რომ დადგა დრო, შეიცვალოს პოლიტიკური სპექტრი საქართველოში. ჩვენ ახლადმოსულმა ადამიანებმა უნდა შევქმნათ პოლიტიკოსების ახალი თაობა საქართველოში და ყველა წარსულში ჩარჩენილი გამარგინალებულ პიროვნება თუ პარტია ნელნელა გაქრება ახლომომავლის პოლიტსპექტრიდან.

   ქართული პოლიტიკა ითხოვს ახალ სახეებს, ახალ პარტიებს... ჩვენი ხელისუფლება და საზოგადოების გაცნობიერებული, მოტივირებული ნაწილი მაქსიმალურად შეუწყობს ამ პროცესის დინამიურობას ხელს. ჩვენ უნდა გამოვიდეთ ლამის სამი ათწლეულის მოჯადოებული წრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი იქნება.

   ჩვენი პრიორიტეტია საქართველოს უსაფრთხოება და მოქალაქეებისთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობები. როგორც ხედავთ ამაში განსაკუთრებული ან ახალი არაფერია, იგივე პრიორიტეტები აქვს გერმანელ, იტალიელ, ფრანგ და სხვა ქვეყნების პირველ პირებსაც. ესაა ფაქტი, ზრუნვა საკუთარ ქვეყანაზე, მოსახლეობაზე და არა საკუთარ პოლიტიკურ იმიჯზე.

   როგორც ჩემმა კოლეგა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა,  ეს ის პოლიტიკოსებია, რომლებიც შინ თანამემამულეებისთვის სულის ამოხდით იმუქრებოდნენ და გარეთ, ტერიტორიების გადაბუგვით. "ნაციონალური მოძრაობა" რამდენიმე წლის წინ დანა-ჩანგლით მოგვიწოდებდა რუსეთის არმიასთან საბრძოლველად. ამჯერად რა უნდათ? - დაჟინებით  საქართველოს ჩაბმა სრული შეიარაღებით უკრაინის კონფლიქტში?.... ეს იცით რისი ბრალია? - ჩვენ დავაშავეთ საზოგადოების წინაშე, კოჰაბიტაციის თავსმოხვეული რეჟიმი რომ დავუშვით, რომელიც იმთავითვე ნათლად ჩანდა, რომ ცალმხრივი იყო და ეს ყველაფერი ამ პარტიის მიერ იქნა ბოროტად გამოყენებული საზოგადოების და ქვეყნის საზიანოდ. 

   ჩვენს ცივილურ, შემწყნარებლურ დამოკიდებულებას მათ დაუპირისპირეს აგრესიული დემაგოგია და მუდმივად აღიზიანებდნენ ხალხს. ყველა ის ტყუილი, დანაშაული, მოუგვარებელი საქმეები, რაც მათი ხელისუფლების დროს ხდებოდა თავხედურად იქნა გადმობრალებული ახალ ხელისუფლებაზე. ადრეც განვაცხადე, ჩვენი შეცდომა იყო პიარზე თითქმის უარის თქმა. რაც უტიფრად თავის სასარგებლოდ გამოიყენეს "ნაციონალებმა".

 

2-09-2014, 13:14
უკან დაბრუნება