რამდენიმე დღის წინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სარფში, თურქეთ-საქართველოს საზღვარზე მის თანაგუნდელებთან ერთად შეხვედრა გამართა და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა.
ყოფილი პრეზიდენტი, დღევანდელი ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკას და რეფორმებს მკაცრად აკრიტიკებს და მის შესაძლო დაბრუნებაზე აქტიურ განცხადებებს აკეთებს.
რა შანსები აქვს ყოფილ მმართველ გუნდს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად და რა შეცდომა დაუშვა დღევანდელმა ხელისუფლებამ, ამ საკითხზე გვესაუბრება პარტია "მომავალი საქართველო"-ს თავმჯდომარე, იურისტი გიორგი ლაღიძე.
-ბატონო გიორგი, როგორ შეაფასებთ მიხეილ სააკაშვილის სარფში გამართულ პარტიულ ყრილობას და რა მიზნები აქვს ყოფილ სახელისუფლებო გუნდს?
-პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები იქცევიან უაღრესად არაპროფესიონალურად, რაც ოპოზიციურ ძალებს და მათ შორის ნაციონალურ მოძრაობას აძლევს იმის საფუძველს, რომ ისაუბრონ პოლიტიკური დევნის შესახებ.
ყველასათვის ცნობილი ფაქტია, რომ პრეზიდენტობის დროსაც და მას შემდეგ ძალიან ბევრს მოგზაურობს, ის ხან უკრაინაშია, ხან ამერიკაში, ხან ევროპის რომელიმე სახელმწიფოში და მათ შორის ორიოდე დღის წინ გამოჩნდა სარფში, კონკრეტულად კი თურქეთ-საქართველოს საზღვარზე,სადაც მან უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
ამით სააკაშვილმა შეიძლება ითქვას, ანკესზე წამოაგო ჩვენი სამართალდამცველები და კიდევ ერთხელ მიიღო საფუძველი იმისა, რომ მსოფლიო საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ ის ნამდვილად იდევნება პოლიტიკური ნიშნით, ვგულისხმობ შემდეგს:
სააკაშვილის სარფში გამართული თათბირიდან დაახლოებით ერთ საათში საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ დაწყებულია სისხლის სამარლებრივი დევნა და ისინი აქტიურად მუშაობენ საერთაშორისო ძებნის გამოცხადების პროცედურებზე.
რბილად რომ ვთქვათ, ეს იყო ჩვენი პროკურატურის მხრიდან სრული არაპროფესიონალიზმი, ვინაიდან ნაციონალური მოძრაობა და პირადად სააკაშვილიც ისედაც საუბრობდნენ, რომ მათ მიმართ წაყენებული ბრალდებები იყო პოლიტიკური და სამართლიანობასთან არაფერი საერთო არ ჰქონდა, ხოლო სააკაშვილმა სარფში ყოფნის დროს ზუსტად პოლიტიკური განცხადებები გააჟღერა რასაც მყისიერად მოჰყვა რეაგირება მთავარი პროკურატურიდან საერთაშორისო ძებნასთან დაკავშირებით.
ყოველივე ეს მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს ჩააყენებს მომგებიან მდგომარეობაში და ის უფრო საფუძვლიანად ისაუბრებს იმის შესახებ, რომ მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს სამართლიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს და არის პოლიტიკურად მოტივირებული, ის თამამად მოიშველიებს სარფში გამართულ თათბირს და პროკურატურის მყისიერ რეაგირებას.
პირდაპირ გეტყვით როგორც იურისტი და როგორც პოლიტიკოსი, რომ ჩვენს სამართადამცველებს, ასეთი ქმედებებიდან გამომდინარე ძალიან გაუჭირდებათ სააკაშვილის საერთაშორისო დევნა.
-რა მესიჯი იყო ეს მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ?
სააკაშვილი პიარის ძალიან კარგი ოსტატია და მან გაიმყარა საფუძვლები ზემოთმოყვანილი არგუმენტებიდან გამომდინარე და ის, უფრო თამამად ისაუბრებს მის მიმართ პოლიტიკური დევნის შესახებ.
ცნობილი ფაქტია, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი უკმაყოფილოა მოქმედი ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული რეფორმების და პოლიტიკის მიმართ. საზოგადოებას აქვს იმედგაცრუება და ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილოთა რიცხვი დღითიდღე მატულობს, ამას ძალიან კარგად ხედავს ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი, აქედან გამომდინარე არ არის გამორიცხული მათ ხალხში არსებული უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ, პოლიტიკური ვითარების შესაცვლელად გამოიყენონ.
სხვათაშორის სააკაშვილმა თავის ინტერვიუებში არაერთხელ მიანიშნა, რომ როცა ქართველი ხალხი დაუძახებს ის მაშინ ჩამოვა და ერთსაც დავამატებ, ნურავის ეგონება, რომ ნაციონალურ მოძრაობას საქართველოში მხარდამჭერები არ ჰყავს, ვინც ასე ფიქრობს ის არის პოლიტიკურად ბრიყვი.
-სააკაშვილის სარფში ყოფნის დროს ქართველ სამართალდამცველებს რაიმე სახის ღონისძიების გატარება თუ შეეძლოთ?
-საქართველოს სამართალდამცველ ორგანოებს გაფორმებული აქვთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სომხეთთან, აზერბაიჯანთან, დსთ-ს ქვეყნებთან და მათ შორის თურქეთთან, რაც გულისხმობს ე.წ ნაცვალგების პრინციპით, ინტერპოლის ძებნის გარეშე მომხდარიყო მისი დაკავება შემდგომი ექსტრადირების მიზნით, თუმცა მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ თურქული მხარე სააკაშვილს დააკავებდა და საქართველოს ხელისუფლებას გადმოსცემდა, ისევე როგორც ამას არ გააკეთებს არცერთი განვითარებული სახელმწიფო.
-რატომ არ გამოიყენეს ქართველმა სამართალდამცველებმა მათ ხელთ არსებული ეს ბერკეტი?
ეს მიანიშნებს მათ არაეფექტურ მუშაობასა და არაპროფესიონალიზმზე, პირიქით, ჩვენმა სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს მისცეს მეტი მოტივაცია, რომ ისაუბრონ მათ მიმართ განხორციელებულ პოლიტიკურ დევნაზე.
მე მინდა მოვუწოდო საქართველოს ხელისუფლებას და პრემიერ-მინისტრს, რეალურად დაიწყონ იმ დაპირებების შესრულება, რასაც ისინი წინასაარჩევნოდ აძლევდნენ მოსახლეობას, სხვა შემთხვევაში მათ უნდა იცოდნენ, რომ ქუჩის აქციები არის გარდაუვალი და საზოგადოება ხელისუფლებას მოტყუების გამო აუცილებლად მოსთხოვს პასუხს.
წყარო: ctv.ge