აფხაზეთი-მოუშუშებელი ტკივილი ჩვენი.
აფხაზეთი-მომავლის იმედი ჩვენი!
სექტემბერში ყოველთვის უფრო მძლავრი ხდება საქართველოს ამ ძირძველი მიწის მონატრება, უფრო მძაფრდება ემოციები და ისახება ახალი იმედები, რომ 27 სექტემბერი-სოხუმის დაცემის დღე მომავალში მაინც შეიცვალოს სოხუმში დაბრუნების და "ჩატეხილი ხიდის" აღდგენის დღედ.
სოციალურ ქსელში საკმაოდ ოპტიმისტური სტატუსი წავიკითხე და მომინდა ფართო მკითხველისთვისაც გამეზიარებინა. სტატუსის ავტორი გიორგი ცინცაძეა.
სტატუსს სტილის დაცვით უცვლელად გთავაზობთ.
-"ჩვენ აფხაზეთში აუცილებლად დავბრუნდებით, სურთ თუ არა ეს აფხაზებს, რუსებს და კიდევ ვიღაც-ვიღაცებს!... ჩვენ დავბრუნდებით მიუხედავად იმისა, მოეგებიან გონს ჩვენი აფხაზი ძმები, თუ კიდევ უფრო გაისასტიკებენ გულს ჩვენ მიმართ!..
აფხაზეთში ჩვენი დაბრუნების რამდენიმე გეგმა "დევს" ღმრთის წინაშე და თითოეული გეგმის უკან სხვადასხვა ძალის ანგელოზები და ასევე საქართველოსათვის მეოხი სხვადასხვა წმიდანები დგანან.
ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე - ქართველებზე! იმაზე, თუ როგორ დავუახლოვდებით ღმერთს. მთავარი არის ღმრთის წინაშე გამოცდის ჩაბარება!.. ერის გამოღვიძება და მასზე ღვთით დაკისრებული სულიერი მისიის გაცნობიერება, გათავისება და განხორციელება. სწორედ ამ მისიისათვის გვამზადებდა ღმერთი. ერთხელ უკვე გითხარით: ამდენი ტკივილი, ტანჯვა, სიმწარე და სისხლი იყო ჩვენი განსაბანელი ცოდვებისაგან. თორემ ჩვენ ვერ მოგვერევიან, უფრო მეტიც, ჩვენ ვერ გაგვიძლებენ!... მე ამ სიტყვებით არავის არ ვაშინებ, არამედ ვამბობ სიმართლეს!.. ეს ასეა!..
მოწყალე ღმერთი აფხაზებსაც აძლევს დროსა და შანსს სულიერი გადარჩენისათვის, ქართველებთან თანაცხოვრების გზით!.. ამას ისინი ოდესღაც მაინც მიხვდებიან, მაგრამ მე ვუსურვებდი დროზე აღმოეჩინოთ მათ ეს. საქართველო მსოფლიო სულიერი მისიის ქვეყანაა, არა იმიტომ, რომ ეს ჩვენ გვინდოდა ასე, არამედ იმიტომ, რომ ასე ღმერთმა ინება!..
თუ ქართველებმა ასე მწარედ ვზღეთ ცოდვების გამო, გეუბნებით: - ღვთის რისხვა გაცილებით სასტიკი იქნება აფხაზებისათვის!.. ურჩობის, განდგომის, ღვთისგან ბოძებული გზის უარყოფისათვის!..
ის თუ, აფხაზეთის დაბრუნების რომელ გეგმას აამოქმედებს ღმერთი, დამოკიდებულია ისევ ჩვენზე და აფხაზებზეც!.. ყველა გეგმა დაგვაბრუნებს აფხაზეთში, მაგრამ რის ფასად?!.. თუ ქართველმა ერმა შეძლო დიდი სულიერი ძვრებით წინსვლა, ხოლო აფხაზებმა კი ღვთის განგებულების გულისხმისყოფა - აფხაზეთი დაბრუნდება მშვიდობიანად, მაგრამ თუ ჩვენი ერი ჩამორჩა სულიერი განვითარების ღვთით განსაზღვრულ ვადებს და ასევე თუ აფხაზები სულიერად ვერ გამოიხედავენ თვალებში, გეუბნებით: ომი გარდაუვალია!!! ეს არის ჩემი სულიერი ხედვა და არა პოლიტიკური პროგნოზი!..."
ეს სიტყვები ამოღებულია აწ განსვენებულ მამა გიორგი ბასილაძის წიგნიდან "ქართველობა ძნელია, მაგრამ აუცილებელი". მე კი ვიტყვი, რომ ყველაფერი ზეციური გეგმის მიხედვით მიდის! ერთადერთი ჩვენი მთავრობა ვერ ჩაეწერა და ვერ გახდა ამ გეგმის განუყოფელი და მტკიცე გამტარი ჯერჯერობით!.."
თქვენი არ ვიცი და მე მომინდა მსოფლიოს გასაგონად მეყვირა:-"ჩვენ აფხაზეთში აუცილებლად დავბრუნდებით!"
P.S. თბილისში კი აფხაზურ სიმღერებს ახალგაზრდები მღერიან, სწორედ ისინი, ვინც უნდა შეძლოს და აფხაზ თანატოლებთან საერთო ენა გამონახოს.