ივერიონი / გიორგი მარგველაშვილი NATO-ს სამიტამდე შეხვედრებს ლონდონში გამართავს

გიორგი მარგველაშვილი NATO-ს სამიტამდე შეხვედრებს ლონდონში გამართავს

  პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით,  NATO-ს სამიტამდე გიორგი მარგველაშვილი შეხვედრებს ლონდონში გამართავს. იგი საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტს ესტუმრება, სადაც დაგეგმილია სიტყვით გამოსვლა თემაზე "საქართველო და ევროპის უსაფრთხოება უკრაინის კრიზისის გათვალისწინებით". გიორგი მარგველაშვილი დამსწრე საზოგადოების შეკითხვებსაც უპასუხებს. ამავე დღეს იგეგმება ქვეყნის პირველი პირის შეხვედრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან სუმა ჩაკრაბარტისთან.
  4-5 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი უელსში NATO-ს სამიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. გიორგი მარგველაშვილი დაესწრება საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების მისიაში (ISAF) მონაწილე წევრი ქვეყნების შეხვედრას და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს სხვადასხვა ქვეყნისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებთან. საქართველოს პრეზიდენტი ასევე შეხვდება ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს.
  ქართულ დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში არიან საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე, ასევე NATO-ში საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენლობის ხელმძღვნელი ლევან დოლიძე და სხვები, საქართველოს პრეზიდენტი უხელმძღვანელებს.

3-09-2014, 11:32
უკან დაბრუნება