ივერიონი / როგორ გამდიდრდა ხალხის ხარჯზე დავით კეზერაშვილი

როგორ გამდიდრდა ხალხის ხარჯზე დავით კეზერაშვილი

"ნაციონალურმა მოძრაობამ" სისტემური კორუფცია კი მოსპო, მაგრამ კორუფციის ნაირსახეობას _ ელიტურ კორუფციას დაუდო სათავე. კარგად დამუშავებული კორუფციული საქმეების წყალობით, 8 წლის მანძილზე "ნაცმოძრაობის" ფავორიტი ბიზნესმენები მდიდრდებოდნენ და ცხადია, ბიუჯეტის ხარჯზე. ბიზნესინტერესების შესახებ არაერთხელ გამოქვეყნებულა ინფორმაციები ქართულ მედიაში. თუმცა ურიგო არ იქნება, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ იმ ადამიანთა ვინაობა, მათ ხელთ არსებული ათეულ თუ ასეულ ათასობით დოლარი, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" სახელით, წლების მანძილზე ყვლეფდა ქვეყანას. ამჯერად, დავით კეზერაშვილზე მოგახსენებთ, რომელიც ქვეყნის თავდაცვის მინისტრი იყო და 2008 წელს, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ  ოფიციალურად ააწყო ბიზნესი.


დავით კეზერაშვილი საქართველოში ყველაზე წარმატებული ოლიგარქია. მან 4 წელიწადში  იმდენი იშოვა, რასაც სხვები 20 წელიწადს ანდომებენ. კეზერაშვილი ზემომგებიან, ნავთობპროდუქტების ბიზნესს აკონტროლებს საქართველოში. ის ა კომპანია "გალფ-ჯორჯიას" მეწილეა, რომელიც ამერიკულ კომპანია "გალფს" წარმოადგენს საქართველოში. სხვათა შორის, "გალფის" საქართველოში შემოსვლისთანავე, კომპანია "ლუკოილმა" მას  65 ავტოგასამართი სადგური მიჰყიდა. გავრცელებული ინფორმაციით, დავით კეზერაშვილმა, უშუალოდ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით, "ლუკოილი" სახელისუფლებო ბერკეტების საშუალებით გააძევა ბაზრიდან. დამაჯერებელი ვერსიაა: "ლუკოილი" 14 წელი ოპერირებდა ქართულ ბაზარზე, წარმატებული კომპანია იყო, 2010 წელს ის  ყველაზე წარმატებულ ნავთობკომპანიად დაასახელეს, იმავე 2010 წელს, ბიუჯეტში 70 მილიონი ლარი შეიტანა _ ყველაზე მეტი საქართველოს ნავთობკომპანიებიდან. და, აი, ასეთი კომპანიის მესვეურნი "გალფის" ქართულ ბაზარზე შემოსვლისთანავე, 65-ვე ავტოგასამართ სადგურს ყიდიან (მათ "გალფი" ყიდულობს) - აწყობილ ბიზნესს, რომელიც დიდ მოგებას იძლევა, ყიდიან და ბაზრიდან საერთოდ მიდიან, თანაც, იმ ბაზრიდან, რომლის 20 პროცენტს აკონტროლებდნენ.


"გალფის" საქართველოში გამოჩენისთანავე, რატომღაც, მის ხელში გადავიდა სამი კომპანიის _ "სენტას", "მაგნატისა" და "ეკოს" ავტოგასამართი სადგურები, ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათი მფლობელები კეზერაშვილმა და მისმა პარტნიორებმა, უბრალოდ, აიძულეს, დაბალ, არასაბაზრო ფასად დაეთმოთ მათთვის ბიზნესი და საწადელსაც მიაღწიეს. მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანალოგიური მეთოდით აიძულეს "ლუკოილი", "გალფისთვის" 65 ავტოგასამართი სადგური დაეთმო.


დავით კეზერაშვილი პარალელურად ფლობს ნავთობპროდუქტების სადისტრიბუციო კომპანია "უნიგრუპს". ეს კომპანია მისი ცოლისძმის, ირაკლი ჩიქოვანის სახელზეა გაფორმებული. "უნიგრუპმა" 3 წლის მანძილზე არაერთი სახელმწიფო ტენდერი მოიგო. ეს კომპანია სახელმწიფო დაწესებულებებს საბაზრო ფასზე მაღალ ფასში აწვდის ნავთობპროდუქტს, მაგრამ დღემდე ამ უკანონობაზე სამართლებრივი რეაქცია სახელმწიფოს მხრიდან არ ყოფილა.


ირაკლი ჩიქოვანი არის სარეკლამო კომპანიისა _ "autdor.ge"-ს დამფუძნებელი. ეს კომპანია სრული მონოპოლისტია ე.წ. გარე რეკლამის ბაზარზე. ცხადია, რეალურად ეს კომპანიაც დავით კეზერაშვილის საკუთრებაა.


2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამოჩეკილი ბიზნესმენი მფლობელია სატელევიზიო კომპანიებისა. კეზერაშვილი "რუსთავი-2"-სა და "მზეს" 40-40%-ის მფლობელი იყო. "რუსთავი-2"-ში თავდაცვის ყოფილი მინისტრი კომპანია "მედია ჯორჯიათი" იყო წარმოდგენილი, "მზეში" _ "ჯორჯიან მედია კომპანიით". კეზერაშვილმა წელს, ოქტომბერში  ეს წილები ტელეკომპანიებში მიხეილ სააკაშვილის კურსელ ლევან ყარამანიშვილისგან შეიძინა. "რუსთავი-2"-ის წილში კეზერაშვილმა 500 000 დოლარი გადაიხადა, ხოლო "მზის" ანალოგიური 40%-იანი წილი _ 250000 დოლარი დაუჯდა თუმცა, არსებობს ეჭვი , რომ ეს ფორმალური ღონმისძიება იყო.


დავით კეზერაშვილის სახელს უკავშირდება თბილისისა და ნატახტარის სასაკლაოები. ქართული მედიის მტკიცებით, კეზერაშვილი თელეთის სასაკლაოს თანამეწილეა ყოფილ პრემიერთან, ვანო მერაბიშვილთან ერთად, ხოლო ნატახტარის სასაკლაოს წილში ის და ცეზარ ჩოჩელი არიან.


მედიით არაერთგზის დადასტურებული ფაქტია, რომ დავით კეზერაშვილი აკონტროლებს გაზის გასამართ სადგურებს. ის საქართველოში გაზგასამართ სადგურებისთვის ბუნებრივი აირის ერთპიროვნული მიმწოდებელია, ანუ ამ პროდუქტის ერთადერთი იმპორტიორია. ამას კომპანია "სანპეტროლიუმ ჯორჯია" ახორციელებს. ამ ეტაპზე "სანპეტროლიუმ ჯორჯია" საქართველოში აკონტროლებს ბუნებრივი აირის გაზგასამართი სადგურების 40%-ს.


დავით კეზერაშვილის სახელი ე.წ. პრესის ჯიხურებსაც უკავშირდება. მედიით არაერთგზის გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ბიზნესით ორმა დიდმა მოხელემ სოლიდური თანხა იშოვა. საუბარია გიგი უგულავაზე.


დაბოლოს, "საქართველოს ლატარიის კომპანია" _ იმით დავასრულოთ, რომლითაც კეზერაშვილმა დაიწყო. "საქართველოს ლატარიის კომპანიამ", კანონდარღვევით მიიღო 2009 წელს ყველა სახის ლატარიის გათამაშების უფლება და ბაზრიდან ლატარიის ყველა კომპანია "მოტეხა". ამ კომპანიამ ლატარიის გათამაშების გარდა, საფოსტო ბაზარზე მონოპოლისტობაც მოინდომა და "საქართველოს ფოსტის" 70% იყიდა. ცხადია, ჩვეული გეგმით, სახელისუფლებო სტრუქტურების დახმარებით, საფოსტო გადაზიდვების ბაზარზე ყველა სხვა კომპანიას ალაგმავდა კეზერაშილი და ამ სფეროს მონოპოლისტიც გახდებოდა, პრინციპში, პროცესი უკვე დაწყებული იყო, კანონები, რომელიც "საქართველოს ფოსტის" მონოპოლისტობას უზრუნველყოფდა, მიღებულია. თუმცა, პარპაში აღარ დასცალდა კეზერაშვილს _ 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ  ხელისუფლება შეიცვალა.


ქართული მედიის ინფორმაციით, დავით კეზერაშვილი მილიარდერია. ის საკუთარი ბიზნესიდან 25%-ს "ნაციონალურ მოძრაობას" სწირავდა _ პარტიულ "ობშჩიაკში" რიცხავდა, 25% კი კონკრეტულ ჩინოვნიკებზე  ნაწილდებოდა. დავით კეზერაშვილმა ეს ქონება სახელმწიფოს ხარჯზე იშოვა. მისი კომპანიები ნებისმიერ ტენდერს იგებდნენ და საჭირო შემთხვევაში, ხელისუფლება მათ გადასახადებისგანაც ათავისუფლებდა და ბაზარზე მონოპოლისტობას კანონითაც უმტკიცებდა.

1-11-2012, 15:36
უკან დაბრუნება