ივერიონი / მიეცით ნიჭსა გზა ფართო, ანუ, ვის სურს ემიგრანტების კონკურსში მონაწილეობა?!

მიეცით ნიჭსა გზა ფართო, ანუ, ვის სურს ემიგრანტების კონკურსში მონაწილეობა?!

„ივერიონს“ ემიგრანტული ლიტერატურული გაერთიანება „ქართული სალონის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ქ-ნი რუსუდან გოგბერაშვილი დაუკავშირდა და გვთხოვა საკუთარ ვებ-გვერდზე გამოგვექვეყნებინა შემდეგი განცხადება.

სიამოვნებით ვასრულებთ მის თხოვნას, ხოლო ლიტერატურული კონკურსის მონაწილეებს წარმატებებს ვუსურვებთ.

ძვირფასო თანამემამულენო! სამშობლოს მონატრებულო ემიგრანტებო!

მოგესალმებით და რამდენიმე სიტყვით გაგაცნობთ ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ლიტერატურული კონკურსის "ემიგრანტის წერილის" მიზნებსა და ამოცანებს.

პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ კონკურსს ატარებს ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო გაერთიანება, რომელსაც საზოგადოების უმეტესობა ძველი სახელით - "თესალონიკის ქართული დიასპორის კონფედერაცია"- იცნობს და ემიგრანტული ლიტერატურული გაერთიანება "ქართული სალონი", რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გახლავართ მე, თქვენი მონა-მორჩილი რუსუდან გოგბერაშვილი.

მინდა გითხრათ, რომ ეს სალონი 2005 წლიდან არსებობს საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში და შეძლებისდაგვარად ხელს უწყობს ჩვენს ემიგრანტებში ქართული სულიერებისა და კულტურის, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას.

ამ ამოცანას ემსახურება ჩვენი ახალი ღონისძიებაც - ლიტერატურული კონკურსი ემიგრანტებისთვის.

კონკურსის მიზანია, წარმოაჩინოს და ფართო საზოგადოებას გააცნოს ქართული ემიგრაციის შესაძლებლობანი და ინტელექტუალური პოტენციალი, ხელი შეუწყოს ნიჭიერ ქართველ ემიგრანტებს საკუთარი ნიჭის რეალიზებასა და სამშობლოში მიმდინარე კულტურულ პროცესებში კუთვნილი ადგილის დამკვიდრებაში - უბრალოდ, საშუალება მისცეს მათ, უთხრან სამშობლოს თავიანთი ნაფიქრ-ნააზრევი.

დაგვეთანხმებით, რომ  არავინ იმდენს არ ფიქრობს ალბათ სამშობლოზე, რამდენსაც სამშობლოს წლების მანძილზე იძულებით მოწყვეტილი და გაუსაძლისი შრომით გაწვალებულ-გათანგული ემიგრანტი.

ნიშანდობლივია, რომ კონკურსი ყოველწლიურად გაიმართება. იმედი გვაქვს, იგი ჩვენს იმედებს გაამართლებს და ემიგრანტებისთვის ერთ-ერთ საყვარელ დღესასწაულად იქცევა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს დიასპორის სამინისტროს აპარატს და პირადად მინისტრს, ბატონ გელა დუმბაძეს ამ კონკურსით დაინტერესებისა და მხარდაჭერისთვის. ასევე დიდი მადლობა მხარში დგომისთვის საქართველოს კონსულს თესალონიკში, ბატონ თორნიკე ბერეკაშვილს, საქართველოს ელჩს ათენში, ბატონ დავით ბაქრაძეს, საინფორმაციო სააგენტო "ივერიონს" და მის მთავარ რედაქტორს, ბატონ ზაურ ნაჭყებიას და ყველას, ვინც მომავალში მხარში ამოგვიდგება და დახმარების ხელს გამოგვიწვდის, რადგან მოგეხსენებათ, კონკურსი ახლა იდგამს ფეხს და ჯერ კიდევ საკონკურსო ფონდისა და მისი ჩატარებისთვის უამრავი საჭიროებების მოძიების პროცესში ვიმყოფებით.

მაშ ასე, ძვირფასო თანამემამულენო, ველოდებით თქვენს წერილებს-პოეზიაში, პროზასა და ესეში განსხეულებულ თქვენს გულისნადებს. კონკურსის ჟიური უაღრესად გულისხიერი და კომპეტენტურია და გპირდებით, რომ ზედმიწევნით ობიექტურიც იქნება. საორგანიზაციო ჯგუფი კი ყველაფერს გააკეთებს, რომ გულდაწყვეტილი არ დატოვოს კონკურსის არც ერთი მონაწილე. პატივისცემით, კონკურსის ორგანიზატორი და იდეის ავტორი, ემიგრანტთა ლიტერატურული გაერთიანება "ქართული სალონის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, რუსუდან გოგბერაშვილი.

საბერძნეთი, ქ. თესალონიკი. 1 სექტემბერი, 2014წ

კონკურსის პირობების გასაცნობად გადადით ლინკზე: https://www.facebook.com/profile.php?id=100005392847196

 

 

 

3-09-2014, 15:04
უკან დაბრუნება