მიხეილ სააკაშვილი საბერძნეთის ინციდენტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ის ქვეყანში არ შემოუშვას. ამავდროულად, ის ხელისუფლებას ურჩევს, ქვეყნის განვითარებაზე მეტი იფიქროს.
“საქართველოს მთავრობას გაუვრცელებია ინფორმაცია, რომ მათი მოთხოვნის საფუძველზე სადღაც თურმე დამაკავეს, რაც შეიძლება ამაზე ითქვას, ეს ჭორიკნობა სასაცილოც აღარ არის უკვე.
საქართველოს დღევანდელი მმართველი ბიძინა ივანიშვილი და მისი მოურავი ცდილობენ მომწვდნენ იქამდე, სადამდეც მწვდებიან და იქ ჩამავლონ ხელი, მაგრამ არ გამოსდით, იმიტომ, რომ არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი!
რა თქმა უნდა, მათ მოთხოვნებს არავინ სერიოზულად არ იღებს. სჯობს ეს ენერგია, რასაც ხარჯავენ აქეთ-იქით წერილების გზავნაში, რეკვებში და რაღაცების შეთავაზებაში, დახარჯონ ქვეყნის შიგნით დანაშაულთან ბრძოლაზე, დახარჯონ თუნდაც ნატო-ს სამიტის წინ, საქართველოს რეპუტაციის ამაღლებაზე, იმიტომ, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი არ გაუშვან ქვეყნიდან!
მე არ მიშვებენ უკან ჩემს ქვეყანაში, არადა, ფაქტი ჯიუტია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მე შევხვდი უფრო მეტ მსოფლიო ლიდერს, ვიდრე, საქართველოს მოქმედი მთავრობა ერთად აღებული ეს არის ანომალური სიტუაცია, ვნებს ქვეყანას, ამიტომ დროზე უნდა მორჩეს ეს ეტაპი და საქმის კეთებას მივყოთ ხელი იმიტომ, რომ ძალიან ძვირფას დროს ვკარგავთ”, - განაცხადა სააკაშვილმა.