ივერიონი / სოსო მანჯავიძე:-"მმართველ კოალიციას აკლია იდეები, ინიციატივა, შებოჭილია გადაწყვეტილების მიღების მკაცრად ცენტრალიზებული და გაუმჭვირვალე სისტემით"

სოსო მანჯავიძე:-"მმართველ კოალიციას აკლია იდეები, ინიციატივა, შებოჭილია გადაწყვეტილების მიღების მკაცრად ცენტრალიზებული და გაუმჭვირვალე სისტემით"

   ტერორისტული დაჯგუფება "ისლამისტური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ინტერნეტში ვიდეოჩანაწერი გაავრცელეს, რომელშიც ჩეჩნეთსა და მთელს კავკასიაში ომის დაწყებით იმუქრებიან.

   სირიის პროვინცია რაქაში გადაღებულ ვიდეოჩანაწერში, ერთ-ერთი მებრძოლი აცხადებს, რომ ისინი "ჩეჩნეთსა და მთელს კავკასიას, ალაჰის წყალობით გაათავისუფლებენ".

   აღნიშნულ თემას სოციალური ქსელით " თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე ეხმაურება და წერს:

 

   -"ჩრდილოეთ კავკასია,სადაც სალაფიტების პოზიციები ძალიან ძლიერია, ქედს გადაღმაა. სწორედ ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები წარმოადგენენ "ისლამური სახელმწიფოს" ერთ–ერთ ყველაზე აგრესიულ და ბრძოლისუნარიან ნაწილს. ასე, რომ ერთმანეთის ჭამის ნაცვლად, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის მკვეთრ გაზრდაზე და მოსახლეობისათვის სამხედრო საქმის სწავლებაზე, ახალგაზრდობაში მხედრული სულის აღზრდაზე უნდა ვიზრუნოთ სასწრაფოდ,რომ სირიელი და ერაყელი ქრისტიანების, ალავიტების და მაზდეანების ბედი არ გავიზიაროთ".

 

   "ივერიონი" სოსო მანჯავიძეს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.

 

-"ასე სერიოზულადაა საქმე, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის მკვეთრ გაზრდაზე და მოსახლეობისათვის სამხედრო საქმის სწავლებაზე უნდა ვიზრუნოთ?

-საქმე რომ რთულადაა, ამაზე არავინ დაობს. ე.წ ''არაბული გაზაფხული", რომლის აქტიური მხარდამჭერებიც გახლდნენ ა.შ.შ და მისი მოკავშირეები, საშიშ და უმართავ პროცესებში გადაიზარდა და როგორც ხშირად ხდება ხოლმე, თავის შემქმნელებს დაუპირისპირდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ საუდის არაბეთის მეფე ერთ თვეში ევროპაში, ორ თვეში კი ამერიკაში, მასშტაბური ტერორის ტალღის საფრთხეზე საჯაროდ საუბრობს, თუ დასავლეთი პასიურ მდგომარეობაში დარჩება.

-რა პოზიციაში აღმოჩნდება საქართველო, თუ "ისლამისტური სახელმწიფოს" მებრძოლები მუქარას შეასრულებენ?

-ჩვენს შემთხვევაში ძალიან რთულადაა საქმე, ვინაიდან საქართველო თურქულ –რუსული მეტოქეობის ზონაშია, რასაკვირველია ამ სახელმწიფოებს აქვთ რესურსი და შეიძლება გაუჩნდეთ ინტერესი, რომ ისლამისტი მებრძოლების მეშვეობით  გარკვეულ პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიონ. ეს ძალიან სერიოზული საფრთხეა,სწორედ ასეთი მეთოდებით ააფეთქეს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები. ეს რომ რაფერი ვთქვათ,სხვა პრობლებებზე და კონფლიქტებზე ჩვენს რეგიონში.

-ეს ალბათ თურქეთს უფრო ეხება, რადგან ისლამისტები პუტინს ემუქრებიან და ძნელი სავარაუდოა, რომ რამეში დაეხმარონ.

-ისლამისტები ძირითადად, დაქირავებული მებრძოლები არიან, გარწმუნებთ, რომ თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, კრემლს ამის ორგანიზება არ უჭირს. ჩვენი ამოცანა ისაა, რომ ეს გადაწყვეტილება არც ერთმა მხარემ არ მიიღოს, რისთვისაც აქტიური დიპლომატიური ძალისხმევაა საჭირო, აღრაფერს ვამბობ იმ ღონისძიებებზე, რომლის შესახებაც ჩემს სტატუსში დავწერე.

-რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს გადაწყვეტილებები არ მიიღოს არც ერთმა მხარემ, კონკრეტულად საქართველოს მთავრობას რა შეუძლია?

-ეს ერთი დღის და ერთი გადაწყვეტილების საქმე არა არის. საჭიროა ძალიან ფრთხილი, და, ამავე დროს.ინიციატივიანი მუშაობა. აქტიურად უნდა იქნას ჩართული რელიგიური,კულტურულიფაქტორები, სახალხო დიპლომატია და ა.შ. ამის შესაძლებლობები, ღვთის წყალობით, არსებობს.

-ასეთი ვიდეო მიმართვების ნახვის მერე, ალბათ ბევრ ადამიანს გაახსენდება ჯიჰადის მუქარის ვიდეო, რომლის ამბავი ჩაჩუმდა და ვერ გაირკვა, ვის მიერ იქნა ატვირთული. რაიმე სიახლე ხომ არ იცით იმ ვიდეო-მიმართვაზე?

-ძალიან კარგი იქნება,თუ საზოგადოებას გაგვარკვევენ ამ ბურუსით მოცულ ამბავში.

-მიუხედავად იმისა, რომ შს სამინისტროს ინფორმაციით დანაშაულმა იკლო, რეალური სურათი გვანახებს, რომ ქვეყანაში საკმაოდ გაუარესდა კრიმინოგენული ვითარება, რასაც საბოტაჯს მიაწერენ. კრიმინალს რომ თავი დავანებოთ, დღეს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღანელმა ლევან დავითაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ რთველის ჩაშლის მცდელობა არის მართული პროცესი. თუ პროცესებს მავანნი მართავენ, საბოტაჟის მოწყობის შესაძლებლობა აქვს, რატომ არ ამკაცრებს კონტროლს მთავრობა? ხალხმა ხომ სწორედ იმიტომ გააკეთა არჩევანი 2012 წელს, რომ რაღაც შეცვლილიყო უკეთესობისკენ? რატომ ვერ მართავს მთავრობა პროცესებს?

-მემკვიდრეობა  უმძიმესია. კოჰაბიტაციის პროცესი შეცდომა, რომლის შედეგებსაც ვიმკით ყოველდღე. ამავე დროს, მმართველ კოალიციას აკლია იდეები, ინიციატივა, შებოჭილია ინერციით, გადაწყვეტილების მიღების მკაცრად ცენტრალიზებული და გაუმჭვირვალე სისტემით. 

-როგორ უნდა გამოვიდეს ხელისუფლება ამ ჩაკეტილი წრიდან და როდემდე შეძლებს ხალხი მოთმენას?

-მთავრობა საბოტაჟის მომწყობების მიმართ მკაცრი ზომების მიღებას არ უნდა ერიდებოდეს. ასევე უნდა გააქტიურდეს წართმეული ქონების დაბრუნების პროცესი და საინვესტიციო პოლიტიკა. ძალიან ბევრი რამაა გასაკეთებელი. გამოსაყენებელია ჩვენი დიასპორის ფინანსური რესურსები, რათა ქვეყანაში უმუშევრობა შემცირდეს და ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. სტაბილურობა ძნელი შესანარჩუნებელია, როცა ამდენი მშიერი ადამიანია უპერსპექტივობის განცდით და ამდენი შინაური თუ გარეული მტერი.

 

 

3-09-2014, 17:01
უკან დაბრუნება