ივერიონი / გიორგი მარგველაშვილი: საქართველოს სტაბილურობაზე არსებული კითხვის ნიშნები მალე შეიცვლება!

გიორგი მარგველაშვილი: საქართველოს სტაბილურობაზე არსებული კითხვის ნიშნები მალე შეიცვლება!

 საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლონდონის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს სტაბილურობის შესახებ არსებული კითხვის ნიშნები მალე შეიცვლება ნატო-ს ძალიან მტკიცედ გამოხატული და ფორმულირებული პოლიტიკით, რაც მისივე თქმით,  საქართველოსა და რეგიონს გახდის უფრო სტაბილურსა და უსაფრთხოს უელსის სამიტის შემდეგ.


   "ჩვენ არ ვაპირებთ ტერიტორიული პრობლემების მოგვარებას რაიმე სახის სამხედრო მოქმედებების გზით, იქნება ეს ცხინვალის რეგიონსა თუ აფხაზეთში. რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს, ჩვენი მშვიდობიანი, წყნარი, სტაბილური ეკონომიკური გარემო, რაც თავისთავად ნიშნავს მშვიდობიან, მშვიდ, სტაბილურ ეკონომიკურ კავკასიას, არის დიდი შესაძლებლობა რუსული ბიზნესის სტაბილურობისთვის.


 გამოდის, რომ ჩვენ რუსეთის პრობლემებზეც ვზრუნავთ. საქართველო, როგორც კომუნიკაციის ცენტრი, არის პოტენციური დამაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის თავისი ენერგოტრანსპორტირებისა და კომუნიკაციების კორიდორით, რომელიც ხელს შეუწყობს აზიის რესურსების მოხვედრას ევროპაში, და რომ ეს არ არის საფრთხე, არამედ შესაძლებლობაა იმ ხალხისთვის, რომელიც საქართველოში ცხოვრობს.


 ჩვენ, როგორც ქვეყანამ, ძალიან ბევრი გავაკეთეთ, რათა შესაძლებლობის ფარგლებში გვეჩვენებინა ეს პოზიტიური წინსვლა ჩვენი მოკავშირეებისა და გადაწყვეტილების მიმღებთათვის ევროპაში, დასავლეთსა და მთელ მსოფლიოში", - განაცხადა პრეზიდენტმა.


  სიტყვით გამოსვლისას  პრეზიდენტმა აუდიტორიას შეახსენა, რომ საქართველო არის ყველაზე დიდი არაწევრი კონტრიბუტორი ნატო-ს მიერ ავღანეთის უსაფრთხოების ოპერაციაში, აისაფში, ასევე ევროკავშირის უსაფრთხოების ოპერაციაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.


   "ჩვენ განვაცხადეთ და აღსანიშნავია, რომ ჩვენი მთავრობაც და ჩვენი წინამორბედებიც ამ საკითხზე ერთსულოვანნი ვართ, რომ  არ ვაპირებთ ტერიტორიული პრობლემების მოგვარებას რაიმე სახის სამხედრო მოქმედებების გზით, იქნება ეს ცხინვალის რეგიონსა თუ აფხაზეთში. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ კონსტრუქციული.


 რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ჯერ კიდევ ვითარდება და ჯერ კიდევ გარდამავალ ეტაპზეა, მაგრამ ჩვენ ვართ ის ქვეყანა, სადაც მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა, ქვეყანა, რომელიც აძლიერებს და აღრმავებს თავის დემოკრატიულ ინსტიტუტებს და, რა თქმა უნდა, ამ გზაზე გვხვდება საკითხები, რომლებიც კიდევ მოითხოვს განვითარებასა და წინსვლას, მაგრამ ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ საქართველოს მეტი ჩაბმულობა ევროპაში, ნატოში, და ნატოს მეტი ჩაბმულობა საქართველოში, რასაც, პრინციპში, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ვცდილობთ, არის ყველაზე სწორი გზა.


  ამ გზავნილით მივდივართ ჩვენ ნატო-ს სამიტზე, სადაც, იმედი გვაქვს, რომ საქართველოს სტაბილურობის შესახებ არსებული კითხვის ნიშნები მალე შეიცვლება ნატოს ძალიან მტკიცედ გამოხატული და ფორმულირებული პოლიტიკით, რაც საქართველოსა და რეგიონს გახდის უფრო სტაბილურსა და უსაფრთხოს უელსის სამიტის შემდეგ. ეს არის ჩვენი გზავნილი. ამ თვალსაზრისით ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან. გვჯერა, რომ ჩვენს ხელთაა ძალიან ცხადი საშუალებები, რომლებსაც ჩვენს მოკავშირეებს გავუზიარებთ და იმედი გვაქვს, რომ ხვალინდელი დღე უკეთესის მომტანი იქნება საქართველოსთვის, კავკასიისა და თანდათანობით ევროპისთვისაც", - განაცხადა პრეზიდენტმა.

4-09-2014, 12:09
უკან დაბრუნება