საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ახალგაზრდა ლიდერთა კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. კონფერენცია უელსში, NATO-ს სამიტის ფარგლებში გაიმართა.
სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ალასანიამ საქართველოსთვის "გაძლიერებული თანამშრომლობის" პაკეტის მინიჭების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"ვფიქრობ, რომ უელსის სამიტზე საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები სათანადოდ იქნება მხედველობაში მიღებული. მე, როგორც თავდაცვის მინისტრს, სამიტისგან კონკრეტული მოლოდინები მაქვს:
1. საქართველო შეფასდეს NATO-სთან მაქსიმალურად თავსებად პარტნიორ ქვეყნად;
2. NATO-სთან თანამშრომლობის პაკეტში ასევე გათვალისწინებულია ის ფაქტიც, რომ საქართველოს ესაჭიროება თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება - საჰაერო თავდაცვა, შეიარაღება, რომლებიც მხოლოდ თავდაცვით მიზნებს მოემსახურება;
3. იგეგმება NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნებისთვის მოსამზადებელი ცენტრის შექმნა. ვგეგმავთ, რომ სამიტზე მიღებული პაკეტის იმპლემენტაციისთვის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში მთავარი ბირთვი შევქმნათ.
გვინდა, რომ NATO საქართველოში და მოკავშირე ქვეყნების ჯარები ჩვენს მიწაზე მეტად იყოს წარმოდგენილი. იმედი გვაქვს, რომ მომავალი სამიტი იქნება NATO-ს გაფართოების სამიტი, სადაც საქართველო ალიანსის წევრობას მიიღებს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მინისტრმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინის მსგავს სიტუაციაში წლების მანძილზე იმყოფებოდა.
"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღი, რომელსაც შეგიძლია დაეყრდნო მდგომარეობს იმაში, რომ თავიდან აიცილო მოწინააღმდეგე ძალების ინფლიტრაცია ინსტიტუტებში. ეს იყო ნომერ პირველი პრობლემა უკრაინაში.
რუსეთმა მოახერხა უკრაინის თავდაცვის სისტემებში შეღწევა, რამაც ხალხზე გარკვეული ზეგავლენა მოახდინა. მეორე საკითხია სადაზვერვო მოწყობილობების სწორი გამოყენება. მესამე და ყველაზე მთავარი იარაღი შეიარაღებული ძალებისა და საზოგადოების მოტივაციაა, რათა საკუთარი ქვეყნისთვის იბრძოლონ. ეს მოითხოვს ძლიერ იდეოლოგიასა და იდენტობას.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საკმაოდ ტრაგიკულია, თუმცა ეს უკრაინელ ხალხს საკუთარი იდენტურობის შენარჩუნებაში ეხმარება. ჩვენ უკრაინელ ხალხს ვუზიარებთ მიღებულ გამოცდილებას. 2008 წელს დაშვებული შეცდომები უკვე შესწავლილია და ანალიზის შედეგები უკვე გავუზიარეთ უკრაინელ ხალხს. ასევე, ვაპირებთ მათ თავდაცვის ინსტიტუტების მშენებლობაში გავუწიოთ დახმარება, რომელიც ამჟამად ტრანფორმაციას განიცდის და აღარ დაექვემდებარება პოლიტიკური და სამოქალაქო კონტროლს", - განაცხადა ალასანიამ.