ივერიონი / პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება

  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიმდინარე წლის 6 სექტემბერს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას იწყებს, რომელიც 20 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

 

ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლოს მისთვის სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, მომსახურებისა და სხვა მიმართულებით. სწავლა შესაძლებელია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ 33 საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც  პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს.

 

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საინფორმაციო ცენტრებში, სამინისტროს საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ  დაწესებულებაში, მსურველმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა.

 

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, დარეგისტრირებულმა აპლიკანტმა საწყის საფეხურზე სწავლის დასაწყებად, უნდა გაიაროს სამინისტროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ  ორგანიზებული პროფესიული  ტესტირება. ტესტირების მიზანია დადგინდეს სწავლის  მსურველთა პროფესიული უნარების შესაბამისობა მათ მიერ შერჩეულ პროფესიასთან. აქვე აღსანიშნავია, რომ სსსმ პირებს ჩვეულებისამებრ ეძლევათ შესაძლებლობა დარეგისტრირდნენ ზემოაღნიშნული პროცედურების შესაბამისად, თუმცა ისინი სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირების ფორმებით, რაც  მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ პროფესიის მოსინჯვის საფუძველზე ფასდება.

 

საფეხურიდან საფეხურზე გადასვლისა და სწავლის გაგრძელების მსურველები კი, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში რეგისტრაციის შემდეგ, თავად დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ტესტირებას გაივლიან.

 

პირველად, ზემოაღნიშნული პროცედურების გავლით აპლიკანტთა  პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა, გასული წლის (2013) შემოდგომაზე, ხოლო მეორედ, მიმდინარე წლის (2014) გაზაფხულზე განხორციელდა, რის საფუძველზეც, ჯამში 12000-მდე აპლიკანტი ჩაირიცხა და მიიღო 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსება სასურველი პროფესიის დასაუფლებლად. ჩარიცხულთაგან 100-მდე პროფესიული სტუდენტი  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების  მქონე პირს წარმოადგენდა.

 

შეგახსენებთ, რომ დამსაქმებლებთან თანამშრომლობით, დაიხვეწა რიგი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები. პროფესიული სასწავლებლები აღჭურვილია განახლებული ინფრასტრუქტურით, თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და თანამშრომლობენ სხვადასხვა კომპანიებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ პროფესიული სტუდენტების სტაჟირებასა და წარმატებული კურსდამთავრებულების დასაქმებას. 

5-09-2014, 12:20
უკან დაბრუნება