როგორც დღეს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრო ირაღის ტარებასთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრების შესახებ კანონპროექტს მთავრობის მომავალ სხდომაზე წარადგენს.
"ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ მთავრობა იქნება მკაცრი მათთან ბრძოლაში, ვინც იარაღის უკანონოდ ტარებას და თანატოლზე ხელის აღმართვას გაბედავს.
რა თქმა უნდა, იმ დანაშაულთან ბრძოლა, რომელიც არის მიმართული სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ, უნდა იყოს მკაცრი. ამ ბრძოლაში არ უნდა დაგვავიწყდეს ადამიანის უფლებები, მაგრამ აუცილებელია და დავალებაც მივიღეთ, რომ შს სამინისტრომ პრევენციული ღონისძიებები გაატაროს, რათა თითოეულმა ახალგაზრდამ იცოდეს - იარაღის უკანონო ტარება, იქნება ეს ცივი იარაღი თუ ცეცხლსასროლი იარაღი, არ არის კანონით დაშვებული. იუსტიციის სამინისტრო მთავრობას მომავალ სხდომაზე წარუდგენს კანონპროექტთა პაკეტს, რომლითაც გამკაცრდება იარაღის, მით უმეტეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების შესახებ ჩვენს კანონებში არსებული ნორმები.
მინდა რომ უკვე ამ წუთიდან მოხდეს ყველა ახალგაზრდის გაფრთხილება, რომ მთავრობა იქნება მკაცრი მათთან ბრძოლაში, ვინც იარაღის უკანონო ტარებას და თავის თანატოლზე ხელის აღმართვას გაბედავს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.