გუშინ პოლიტიკურმა გაერთიანებამ, "საქართველოს ახალი დემოკრატები" არასამთავრობო ორგანიზაცია "ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერთა ცენტრის" დაფუძნება გვახარა!
ცენტრის დაფუძნებლებმა და მისმა თავმჯდომარემ, ბატონმა დავით ხიზანიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნული ცენტრის დაფუძნების აუცილებლობაზე ისაუბრეს და საზოგადოებას მოუწოდეს- გაერთიანდნენ ირაკლი ღარიბაშვილის გარშემო, რადგან, "არსებობს რეალური საფრთხე, რომ ხელისუფლებაში ისევ სახეშეცვლილი ძველი ძალა დაბრუნდეს!"
ვიტყვი პირდაპირ: ასეთი მარაზმი მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს -იმისთვის, რომ დესტრუქციულმა (რეაქციულმა) ძალებმა ქვეყანაში არეულობა არ გამოიწვიონ და დღევანდელი ხელისუფლება როგორც იტყვიან, არ გადმოაყირავონ, თურმე პრემიერ-მინისტრის გარშემო უნდა გავერთიანდეთ!
სამწუხაროდ, "ცენტრის" მესვეურებმა საზოგადოებას ვერ აუხსნეს, როგორ უნდა დავუჭიროთ მხარი ირაკლი ღარიბაშვილს, ვისგან, რისგან და რა მეთოდებით უნდა დავიცვათ იგი?!
არსად წამიკითხავს (არც გამიგონია), რომელიმე ცივილიზებულ ქვეყანაში, სადაც სახელისუფლებო შტოები მკაცრად გამიჯნულია - პრემიერის ან პრეზიდენტის მხარდამჭერი ცენტრები იქმნებოდეს . პირიქით კია: თუ რომელიმე მათგანი თავიანთ უფლებამოსილებას ჯეროვნად არ ასრულებს, საპროტესტო აქციების ტალღა აგორდება და ისინიც იძულებული ხდებიან გაითვალისწინონ ხალხის მოთხოვნები, ან გადადგნენ თანამდებობიდან.
ის, რომ ღარიბაშვილი მკაცრი გამოწვევების წინაშეა, ამას დავით ხიზანიშვილის დასტური არ სჭირდება, მაგრამ, ბარემ ისიც მივაყოლოთ, თუ რამ მიიყვანა ქვეყანა (ამ კონკრეტულ შემთხვევაში ღარიბაშვილი) ამ "მკაცრ გამოწვევამდე"?!
დავიწყოთ იქიდან, რომ საზოგადოებამ ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდს, რომლის ერთ-ერთი აქტიური წევრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილიც იყო, 2012 წლის 1 ოქტომბერს მხარი უპირობოდ დაუჭირა და ამით საბოლოოდ უთხრა უარი "ნაციონალურ" რეჟიმს.
ყველა დარწმუნებული ვიყავით, რომ ასეთ ტალღაზე მოსული ხელისუფლება ქვეყანაში სიტუაციას მართლაც დაალაგებდა (ეს ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირების პერიფრაზირებაა) და რევანშისტული ძალების რეამინირების მინიმალური საფრთხეც არ იარსებებდა .
დიახ, ამ ხელისუფლებას ნამდვილად ჰქონდა საკმარისი ნდობის მანდატი იმისთვის, რომ საქართველო ასეთი საშიშროების წინაშე არ დამდგარიყო!
როცა ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდზე ვსაუბრობ, მხედველობაში მაქვს ხელისუფლების სამივე შტო ( პარლამენტი, პრეზიდენტი, მთავრობა), რომელიც მის მიერვე არჩეული ადამიანებისგან არის დაკომპლექტებული. დღევანდელ პარლამენტს რომ თავი დავანებოთ, (რომელიც ექსტრემალურ სიტუაციაში ავირჩიეთ ) პრეზიდენტიც ივანიშვილის მკაცრად გამოხატული ნების (" თუ არ აირჩევთ , საერთოდ მოვხსნით კანდიდატურას) შედეგია...
რაც შეეხება კიდევ ერთ ფავორიტს - ირაკლი ღარიბაშვილს, იგი ამ ორისგან განსხვავებით ივანიშვილის მიერ დასმული პრეზიდენტის წარდგენილი და პარლამენტის მიერ დამტკიცებული ფიგურაა, რომელიც ნამდვილად გაეჩხირათ ყელში "ნაციონალებს" და ყველა ღონეს ხმარობენ იმისთვის, რომ მისი გუნდის მარგინალიზება მოახდინონ და იგი მთავრობას ჩამოაშორონ! (დააკვირდით: ნაკლებად, ან საერთოდ არ ისმის "ნაციონალების"კრიტიკა პრეზიდენტის და პარლამენტის მისამართით).
დავსვათ ლოგიკური კითხვა: ვისგან უნდა დავიცვათ ღარიბაშვილი (მხარდაჭერა პირდაპირი თუ გადატანითი გაგებით, ზუსტად ამას გულისხმობს!) პრეზიდენტისგან, რომელმაც იგი წარადგინა და ახლა ერთმანეთთან მუდმივ კინკლაობაში არიან , თუ "ნაციონალური" სულისკვეთებით გაჟღენთილი პარლამენტისგან, რომელმაც იგი დაამტკიცა და რომელსაც მისი გადაყენების უფლებაც აქვს?!
რაც შეეხება რევანშისტული ძალებისგან (იგულისხმება "ნაციონალები" + მათი ახალი ძველი მხარდამჭერები) ღარიბაშვილის დაცვას, ეს როგორ უნდა მოახდინოს საზოგადოებამ, ძალიან საინტერესოა!..
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ღარიბაშვილმა წარადგინა ხელახლა ის სამთავრობო გუნდი (მათ შორის ძალოვანი მინისტრები), რომელსაც ევალება შიდაპოლიტიკური პროცესების მართვა ქვეყანაში. რა საზოგადოების ბრალია, თუ ეს გუნდი სუსტია, ან სხვა " ნესტრითაა ნაჩხვლეტი" და გაძლიერების ნაცვლად პრემიერს კიდევ უფრო ასუსტებენ?!
იქნებ აგვიხსნას ბატონმა დავით ხიზანიშვილმა, როგორ დავუჭიროთ მხარი და როგორ ვიხსნათ იგი ბნელი ძალებისგან?!
როცა პრემიერ-მინისტრი, რომელიც როგორც ცენტრის მესვეურები ამბობენ, " არის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შესწევს ძალა, საქართველო წაიყვანოს იმ მიმართულებით, რომელიც ხალხისთვის სასარგებლო იქნება", ხალხის დასაცავი გახდება, მაშინ, კარგად გვქონია საქმე!..
ვერ გავიგე: ჩვენ უნდა დავიცვათ მთავრობა დესტრუქციული (რევანშისტული) ძალებისგან, თუ თვითონ უნდა დაგვიცვან მათგან ჩვენ?!
ის, რომ კრიმინოგენური სიტუაცია კატასტროფულად გამწვავდა, ის, რომ დესტრუქციული ძალები ისევ საჯარო სამსახურებში (განსაკუთრებით სამართალდამცავ სტრუქტურებში ) ბოგინობენ, ის, რომ ეიფორიის ტალღაზე გამოცხადებულმა ამნისტიამ, (სამწუხაროდ, არც გაურკვევიათ, ვის ეკუთვნოდა და ვის არა) უარყოფითი შედეგები მოიტანა, ის, რომ ხელოვნურად ხდება სიტუაციის ესკლაცია, ის, რომ ნეპოტიზმმა მტკიცედ მოიკიდა ფეხი ახალ ხელისუფლებაში და კვლავ განზე დარჩნენ პროფესიონალები, სამწუხაროდ ივანიშვილის მთავრობის დამსახურებაა და ახლა მე (ჩვენ) მეუბნებით (გვეუბნებით) ამ მთავრობას დავუჭიროთ მხარი, რომ თავის დროზე კოჰაბიტაციაში მყოფმა ძალებმა არ ამოაყირავონ?!
ვისი და რისი ბრალია, ასე უტიფრად რომ დაპარპარშებს დამნაშავე რეჟიმი და დღევანდელ მთავრობას ყველა ბრუნვაში რომ ატრიალებს?!
მე პირადად არაფერი მაქვს საწინააღმდეგო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან, ,მიმაჩნია, რომ მისი ასაკისა და გამოუცდელობის მიუხედავად, პოზიტიური ფიგურაა, მაგრამ სირცხვილია, როცა იმ ადამიანის მხარდაჭერას მთხოვენ, რომლის იმედიც უნდა ჰქონდეს საზოგადოებას!
მახსენდება 1991 წლის დეკემბერი, როცა საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ განაცხადა, რომ მას თავისი კუთხე - სამეგრელო დაიცავდა და მეგრელებს დასახმარებლად მოუწოდა. არ მინდა პარალელის გავლება, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა: როცა სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი , ან პრეზიდენტი ხალხის დასაცავი გახდება, დაღუპულია იმ ქვეყნის და იმ ხელისუფლების საქმეც!
თუ მაინცდამაინც საკითხი ასე დგას მაშინ, სულ სხვა რეალობამდე მივდივართ- ამ რეალობას კი ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ჰქვია!
P.s. ასე, რომ, ახლადგამომცხვარ პოლიტიკურ გაერთიანებას " საქართველოს ახალი დემოკრატები" ინიციატივას ნამდვილად ვერ მოვუწონებ- ამას რბილად რომ ვთქვა, "სხვა სუნი" ასდის და არანაირად არ ემსახურება სიტუაციის დარეგულირებას ქვეყანაში.
როცა პოლიტიკური ძალა ამ განცხადებას აკეთებს, მინიმუმ უნდა ვიფიქროთ, რომ ისინი ან სატელიტი პოლიტიკური ძალის ფუნქციას კისრულობენ, ან ასეთი აიფფასიანი ინიციატივებით ცდილობენ ყურადღების მიქცევას. იმას კი არ ფიქრობენ, რომ ამ ინიციატივით თვითონვე ახდენენ პრემიერ-მინისტრის და მისი გუნდის მარგინალიზებას! სასაცილოა, რომ საწევრო შენატანების "ხარჯზე" თურმე რეგიონებშიც აპირებენ ფილიალების გახსნას! (თუ უხეშად ვიტყვით, ამას ვინ "ჭამს"! )
ისე, პოლიტიკური გაერთიანების სახელწოდებაც ცოტა უცნაურია -" ახალი დემოკრატები" ძველმა "დემოკრატებმა" რა გააკეთეს ნეტავ, რომ ესტაფეტა "ახლებს" გადაულოცეს?!
ზაურ ნაჭყებია