8 სექტემბერს, 13:00 საათზე, შსს-ს აკადემიაში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია მედიის წარმომადგენლებს აკადემიის "საპოლიციო რეგულირების სამართლის" სამაგისტრო პროგრამას წარუდგენს და აღნიშნული სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელობას და მიზანს გააცნობს. აკადემიის "საპოლიციო რეგულირების სამართლის" სამაგისტრო პროგრამას საქართველოში ანალოგი არ გააჩნია, რადგან სამართალდარღვევათა პრევენციაზეა ორიენტირებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი 2014 წლის 13 ივნისს მიენიჭა, ხოლო "საპოლიციო რეგულირების სამართლის" სამაგისტრო პროგრამის განხორციელება მიმდინარე წლის ოქტომბრიდან დაიწყება. აღნიშნული პროგრამა უფასოა და მასზე ის სტუდენტები მიიღებიან, რომელთაც აქვთ სამართლის ბაკალავრის დიპლომი და გავლილი აქვთ საერთო სამაგისტრო გამოცდა. შსს-ს აკადემიაში სამაგისტრო პროგრამის წლევანდელ კურსზე განცხადებების მიღება 18 სექტემბრამდე გაგრძელდება.
"საპოლიციო რეგულირების სამართლის" სამაგისტრო პროგრამის მიზანია მოამზადოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებისათვის საშუალო მენეჯერულ პოზიციებზე სათანადო უნარებითა და ცოდნით აღჭურვილი საპოლიციო ფუნქციების განმახორციელებელი, აკადემიური განათლების მქონე თანამშრომლები, რომლებიც იქნებიან კანონის უზენაესობის, დემოკრატიული და ჰუმანური ღირებულებების მატარებელნი.
სამაგისტრო პროგრამის წარდგენის დასრულების შემდეგ აკადემიის წარმომადგენლები ჟურნალისტებისთვის ტურს გამართავენ, რომლის დროსაც მათ შსს-ს აკადემიის ინფრასტრუქტურას – საკონფერენციო დარბაზს, სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახებს, ბიბლოთეკას, იმიტირებულ სასამართლო დარბაზს, იმიტირებული სასაზღვრო გამშვებ პუნქტს, რეალურ და იმიტირებულ ტირებს დაათვალიერებენ.