საყდრისის ერთ-ერთი მცველი ნინო მიქიაშვილი, რომელიც ამავდროულად მედია-კავშირ "ობიექტივისა" და გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკას" კორესპონდენტია საყდრისში მიმდინარე პერმანენტულ აფეთქებებზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს:
-"დღეს, 6:25 წუთზე, კაზრეთის გვერდით მძლავრი აფეთქება მოხდა. ეს ამბავი ტელეფონით შევიტყვე საყდრისის ვეტერანი მცველისგან, ირაკლი ლომიძისგან. ამგვარი აფეთქებები პერმანენტულად ხდება, რასაც ფოტოაპარატით ვიღებთ და შემდეგ სოციალურ ქსელ ფეისბუქში ვაქვეყნებთ. საყდრისის დასაცავად კარვების აქცია გრძელდება. დღეს 9 სექტემბერია, მე თბილისში ვარ. ახლა საყდრისს იცავენ ირაკლი ლომიძე და თორნიკე ვარსიმაშვილი, "პატრიოტთა ალიანსის" ბოლნისის ორგანიზაციის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი (ახალგაზრდები შემოგვიერთდნენ და საყდრისს ჩვენთან ერთად იცავენ, ერთმანეთს ენაცვლებიან ხოლმე).
შეგახსენებთ, რომ კარვების აქცია 14 აპრილს დაიწყო, საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის ინიციატივით. მაშინ ბევრნი ვიყავი, პროტესტი მასშტაბური იყო - ღამეს 30-40 ადამიანი ვათევდით. 5 მაისიდან პროტესტი ასეთი მასშტაბური აღარ არის. თავიდანვე ასე გვქონდა განსაზღვრული - კოშკურას ავაშენებდით და ორი-სამი ადამიანი ვიმორიგევებდით. მოხდა ისე რომ კოშკურის აშენება 28 აპრილს დავასრულეთ, ხოლო 5 მაისიდან მოყოლებული საყდრისში ვართ მე და ირაკლი ლომიძე. დანარჩენები თბილისში არიან - საყდრისს ვისაც როგორ შეუძლია ალბათ, ისე იცავს.
საყდრისზზე მძიმე ტექნიკამ მუშაობა დაახლოებით სამი თვეა შეაჩერა. ახლა საყდრისთან დგას დაცვის პოლიცია და კერძო კომპანია "არემჯი გოლდის" უსაფრთხოების სამსახური.
კულტურის მინისტრი შეიცვალა, ახლა ამ თანამდებობაზე მიხეილ გიორგაძეა და მან თავისი მოღვაწეობა დაიწყო კულტურულ მემკვიდრეობასთან ბრძოლით - 1 აგვისტოს სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა. ანუ, ის დადგა იმ ადამიანების გვერდით, ვინც თვლის რომ საყდრისს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი არ უნდა აღუდგეს.
ჩემი აზრით, ბატონი მინისტრის მხრიდან ეს არის სამარცხვინო საქციელი. 9 მაისს პატრიარქმა პრემიერ-მინისტრს სთხოვა საყდრისის გადასარჩენად დადებითი გადაწყვეტილება მიღო. პრემიერ-მინისტრმა მიუგო, რაც შემიძლია ყველაფერს გავაკეთებო. პრემიერ-მინისტრი რას როგორ აკეთებს, ამაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ფაქტი ერთია - საყდრისის ნგრევა შეჩერებულია.
საყდრისის ფიზიკურად დაცვის პარალელურად სამართლებრივი ბრძოლაც მიმდინარეობს. 24 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნათია ბუსკაძე დაიწყებს კახა კოჟორიძის და დალი მამულაშვილის სარჩელის განხილვას, ხოლო 29 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლო იმსჯელებს კულტურის მინისტრის მიერ შეტანილი საჩივრის ირგვლივ.
ასევე გრძელდება შემოწირულობების გაღება საყდრისის დაცვის საქმისთვის. მაგალითად, დღეს ნინი ბოჭორიშვილმა 200 ლარი შემოწირა საყდრისის დაცვის საქმეს. ასევე მისმა ოჯახმა გადმომცა ვერცხლის მედალიონი - როგორც თავად განმარტეს, ასე გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება ბრძოლის იმ ფორმისადმი, რომელსაც ჩემს თანამებრძოლებთან ერთად მივმართავ. საყდრისის ირგვლივ მიმდინარე ყველა პროცესი, რომელშიც მე და ჩემი თანამებრძოლები ვმონაწილეობთ, არის გამჭირვალე. ინფორმაციას ყოველდღიურად ვაქვეყნებ ჩემს პირად გვერდზე, სოციალურ ქსელ ფეიქსბუქში და ამ თემაზე ვსაუბრობ ხოლმე იმ გადაცემაში, რომელსაც "ობიექტივში" ვუძღვები".