დღეს ეკონომიკური ფორუმი იხსნება, რომელსაც ავსტრიის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები გახსნიან. ფორუმის გახსნასთან დაკავშირებით ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი სებასტიან კურცი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
იგი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან. საგარეო საქმეთა სამინისტროში დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში სებასტიან კურცი ავსტრიის მთავრობის მიერ დაფინანასებულ პროექტებს გაეცნობა და გუდაურის ჰიდროელექტრო სადგურს მოინახულებს.
10:10 საათზე საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს საგარეო საქმეთა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრების, მაია ფანჯიკიძისა და სებასტიან კურცის შეხვედრა გაიმართება. იქამდე კი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მინისტრ კურცს თან ახლავს ავსტრიელ ბიზნესმენთა წარმომადგენლობითი ჯგუფი, ისინი საქართველო-ავსტრიის ეკონომიკურ ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას.