სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში მყოფი პატიმარი მიქაილ კადიევი არასამთავრობო უფლებადამცველ ორგანიზაციებს მიმართავს და სპეციალურ მიმართვას ავრცელებს.. მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.
მსჯავრდებულ მიქაილ კადიევის (განთავსებული სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში)
მიმართვა
საქართველოს არასამთავრობო უფლებადამცველ ორგანიზაციებს
მოგმართავთ დაღესტნელი ეროვნების მოქალაქე მიქაილ კადიევი, რომელიც უფლებადაცვითი საქმიანობის გამო რუსეთის ხელისუფლების მხრიდან განვიცდი პოლიტიკურ დევნას. ამ მიზეზით მე დავტოვე რუსეთი და 2010 წლიდან ვცხოვრობდი საქართველოში. სამწუხაროდ, საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების იმ წარმომადგენლებმა, რომლებსაც რუსეთის ხელისუფლებასთან აქვთ საიდუმლო კავშირები, გადაწყვიტეს ჩემი დაკავება და ფარულად გადაცემა რუსეთისათვის. ამ გეგმის განსახორციელებლად სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ანტიტერორისტული ცენტრის წარმომადგენლებმა 2012 წლის დეკემბერში ქ. ბათუმში დამაკავეს და ფაქტიურად გამიტაცეს კიდევ ერთ დაღესტნელ ლტოლვილთან მაგომედ მაგომედოვთან ერთად, თუმცა, თბილისისკენ მომავალ გზაზე მე მოვახერხე გაქცევა, მოგვიანებით კი მაგომედოვი უკვალოდ გაქრა და შემდგომში იგი რუსეთის ერთ-ერთ ციხეში აღმოაჩინა "წითელმა ჯვარმა". ამის შემდეგ ჩემმა გამტაცებლებმა გადაწყვიტეს ჩემი ოფიციალურად დაკავება და 2013 წლის 13 ივნისს, შუაღამისას შემოიჭრნენ ჩემს ნაქირავები ბინაში (ქ. თბილისი, ბოჭორმის ქ. #50/18), ჩხრეკისას ჩამიდეს "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი, 8 ცალი ვაზნა და ცელოფანში შეკრული რაღაც ფხვნილი, რომელიც თურმე 2253,83 გრამ ჰექსოგენის შემცველ ფეთქებად ნივთიერებას შეიცავდა. ამის გამო დამაკავეს მე და ჩემთან ორი დღის წინ სტუმრად ჩამოსული ჩემი ბიძაშვილი რიზვან ომაროვი. დაკავებიდან რამდენიმე საათში შსს-მ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომ თითქოს ჩვენ "განზრახული გვქონდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აფეთქების გზით ტერორისტული აქტების მოწყობა" და თურმე ჩვენ "კარგად გაწვრთნილი მეომრები ვიყავით".
მართალია, რამდენიმე დღეში თვითნ შსს-მ ოფიცილურად უარყო ეს აბსურდული სიტყვები და ბრალი წაგვიყენეს საქართველოს სისხლის სამართლისა კოდექსის 236-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, ანუ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში, რაც 6 თვიდან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალებიდან და სასამართლოს მსველობისას სრულიად აშკარად წარმოჩინდა, რომ სწორედ ჩხრეკის ჩამტარებელმა პოლიციელებმა "ჩადეს" ჩემს საცხოვრებელ ბინაში ზემოთ ნახსენები კანონსაწინააღმდეგო ნივთები, თბილისის საქალაქო სასამართლომ მე და ჩემს ბიძაშვილს 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მოგვისაჯა, რომელიც შემდგომში ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ. ამჟამად განაჩენი გასაჩივრებული გვაქვს საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
მე ჩემს სამშობლოში, დაღესტანში, ვეწეოდი უფლებადაცვით საქმიანობას, ვიყავი სამოქალაქო აქტივისტი, რის გამოც რუსეთის ხელისუფლებამ ჩემს მიმართ შეთითხნა ბრალდება, რომ თითქოს მე ვმონაწილეობდი 2009 წლის სექტემბერში მოსკოვში მომხდარი მკვლელობაში და თუმცა უამრავი მოწმე და სხვა მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ, რომ ამ დროს დაღესტანში, სამსახურში და შემდეგ მშობლიურ სოფელში ვიმყოფებოდი, ამის მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლება ითხოვს ჩემს ექსტრადირებას. ყველასათვის ცნობილია, თუ რა საშინელი ბედი ელოდება მკვლელობაში სრულიად უსაფუძვლოდ ბრალდებულ ჩრდილოეთ კავკასიის ნებისმიერ მოქალაქეს (მით უფრო, სამოქალაქო აქტივისტს) რუსეთში ექსტრადირების შემთხვევაში.
საქართველოს ხელისუფლების მოქმედების მრავალი ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ ის აპირებს ჩემს ექსტრადირებას რუსეთში. კერძოდ:
1. ბათუმიდან ჩემი გატაცების გამო მე და ჩემმა ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა რამ¬დენ¬ჯერმე მივმართეთ საქართველოს მთავარ პროკურატურას და გენერალურ ინსპექციას გამოძიების დაწყების მოთხოვნით, წარვუდგინეთ ამ გატაცების ფაქტის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, მაგრამ პასუხად მხოლოდ დუმილი მივიღეთ.
2. მე 2013 წლის ივლისში თხოვნით მივმართე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ჩემთვის ლტოლვილის სტატუსის მონიჭების შესახებ, წარვადგინე ჩემი სამოქალაქო აქტივისტობის და რუსეთის ხელისუფლების მხრიდან დევნის დამადასტურებელი უამრავი წერილობითი დოკუმენტი, თუმცა ჩემს თხოვნაზე სამინისტროს მხრიდან 2014 წლის 16 იანვარს ოფიციალური უარი მივიღე. უარის ერთ-ერთ მოტივად სამინისტროს წარმომადგენლები ასახელებენ იმას, რომ რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილე საქართველოს შესაბამისი უწყებისადმი მოწერილ წერილში პირობას დებს, რომ მე ექსტრადიციის შემთხვევაში არ დავექვემდებარები წამებას და არაადამიანურ, ღირსების შემლახველ მოპყრობას.
3. ჩემი ადვოკატის მიერ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ეს უარი გასაჩივრებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში, თუმცა, სასამართლომ უარი განაცხადა სარჩელის დაკმაყოფილებზე.
4.ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული გვაქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც მისი განხილვა დაიწყება 2014 წლის 8 ოქტომბერს, თუმცა, გამომდინარე საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ნებიდან (რაც გამოვლინდა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს და თბილისის საქალაქო სასამართლოს პოზიციებით) ნაკლებად მოსალოდნელია, რომ სააპელაციო სასამართლომ შეცვალოს ეს გადაწყვეტილება. შეგახსენებთ, რომ
საქართველოს კანონი ხელისუფლებას უკრძალავს ლტოლვილის სტატუსის მქონე პირის ექსტრადირებას სხვა ქვეყანაში.
ეს ყოველივე მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას განზრახული აქვს ჩემი ექსტრადირება რუსეთში, რაც ჩემთვის გარდაუვალი წამებისა და სავარაუდო მკვლე¬ლობის ტოლფასი იქნება.
მოგმართავთ საქართველოს უფლებადაცვით ორგანიზაციებს და გთხოვთ გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება და გავლენა, რათა დამეხმაროთ სამართ¬ლიანობის მიღწევაში, რათა ჩემი უკანონო 2-წლიანი სასჯელი საქართველოში არ გადაი¬ზარდოს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთში ჩემს ექსტრადიციაში, რაც არა მხოლოდ ჩემი პიროვნების უპირობო გაწირვა, არამედ ერთ-ერთ სამარცხვინო ლაქა იქნება საქართველოს თანამედროვე ისტორიაში".