თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბიუჯეტი, რომელიც მათ დახვდათ, ყველაზე ცუდია, რომელიც უნახავს. მისი თქმით, თბილისის ყოფილი მთავრობის მიერ ბიუჯეტი განიავებული იყო ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ნაწილში.
"მათ დაგვახვედრეს ბოლომდე გახარჯული ბიუჯეტი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ნაწილში. ჩვენ იძულებულები ვართ, რომ ქამრები შემოვიჭიროთ, ადმინისტრაციული რესურსები დავზოგეთ, ტენდერებში არსებული ეკონომია გამოვიყენეთ სხვადასხვა აუცილებელი პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც წლის ბოლომდე, მნიშვნელოვანია, დასრულდეს.
წლის ბოლომდე გვჭირდებოდა ფინანსური სახსრები ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამები, ამიტომაც სხვა მუხლებში არსებული თანხები აქეთ გადმოვიტანეთ. მათ არ ჰქონდათ გათვალისწინებული თანხები ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის, წყალკანალიზაციის და დიღომში ოლიმპიური ტერიტორიის კეთილმოწყობასთან დაკავშირებით, რაც ჩვენ გავწერეთ. ამ ყველაფრის გამო, გვიწევს გარედან რესურსების მოზიდვა, რათა მოვასწროთ ოლიმპიადის ჩატარება". განაცხადა ნარმანიამ.