,,ივერიონს“ ესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საგანმანათლებლო ალიანსის“ თანათავმჯდომარე, 53-ე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი მარიამ რამინაშვილი
- გუშინ საინფორმაციო სააგენტო ,,ივერიონზე“ თბილისის 116-ე საჯარო სკოლის პედაგოგის დავით ფერაძის სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც განათლების მინისტრს, თამარ სანიკიძეს გადადგომას ურჩევს, რადგან ის განათლების სისტემას ქაოსისკენ მიაქანებს. ნიშანდობლივია ისიც, რომ ახალგაზრდა პედაგოგს საკმარისი არგუმენტები აქვს მოყვანილი იმისათვის, რომ მკითხველს წარმოდგენა ჰქონდეს განათლების სისტემაში შექმნილ სავალალო მდგომარეობაზე. როგორია თქვენი კომენტარი ამასთან დაკავშირებით?
- განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი საჯარო სკოლის დირექტორთა არჩევნების შემდგომდროინდელი ვითარებაა.
დირექტორი სახელმწოფოებრივად მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელთანაც მოსახლეობის თითქმის 50% ურთიერთობს. საჯარო სკოლის დირექტორთა სერტიფიცირების კონკურსი სწრაფად და დაუგეგმავად განხორციელდა, რაც ეჭვებს ბადებს. სახელდობრ, დირექტორთა შერჩევის წესში ცვლილება 15 აგვისტოს შეიტანეს. რატომ მოხდა ეს ასე სასწრაფოდ და რატომ არ იყო ეს ცვლილება წინასწარ გააზრებული?!
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტო ამგვარი ქმედებებით საშიშროებას უქმნის სახელმწიფოს და უბიძგებს მას ავტორიტარიზმისკენ.
- ფერაძემ განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება საჯარო სკოლების დირექტორთა შერჩევის ფაქტებზე. იგი თვლის, რომ ახალი დირექტორების შერჩევა კანონდარღვევით მოხდა.
- დირექტორთა შერჩევისას გასაუბრების კომისიას არ ჰქონდა კრიტერიუმები და გადაწყვეტილებას სუბიექტურად იღებდა. ამით მან დაარღვია კანონი ადამიანის უფლებათა შესახებ, რადგან კონკურსანტები არათანაბარ კონკურენტულ გარემოში აღმოჩნდნენ. ეს სუბიექტურობა იმითაც დასტურდება, რომ მან 90-მდე კანდიდატი დაბლოკა, ზოგან რამდენიმე კანდიდატის ნაცვლად ერთი წარადგინა. იყო სკოლები, სადაც 17 კანდიდატს ჰქონდა განცხადება დაწერილი, თუმცა კომისიამ არც ერთ მათგანს არ მისცა შანსი.
ალბათ ისიც მოგეხსენებათ, რომ დირექტორობის კანდიდატებს უნდა წარედგინათ სკოლის განვითარების სამოქმედო გეგმა-პროგრამა, რომელიც, გასაუბრების კომისიას, ფაქტობრივად, არც შეუდარებია ერთმანეთისთვის.
ბევრი საჯარო სკოლის უკვე ყოფილი დირექტორი სასამართლოში ჩივის, რადგან ისინი ისე აღმოჩნდნენ სამსახურის გარეშე, ერთი თვით ადრე შეტყობინებაც არ მიუღიათ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ეს ყოველივე არა მხოლოდეჭვს ბადებს, არამედ პირდაპირ მიანიშნებს, რომ სამინისტრომ სპეციალურად შეიტანა კანონში 2014 წლის 8-15 აგვისტოს ცვლილება სასურველი კანდიდატების ხელსშესაწყობად.
- თქვენი კომენტარებიდან გამომდინარე, განათლების სამინისტროს ფარსში მიუძღვით თუ არა როლი სამეურვეო საბჭოებს?
- ის, რომ ზოგიერთი კონკურსანტი არც ერთ სკოლაში არ მოხვდა, ან თბილისის სკოლების 60%-ში სამინისტრომ წარადგინა ერთი კანდიდატი, სამეურვეო საბჭოების დასუსტებას უწყობს ხელს. სამეურვეო საბჭო ერთადერთი სტრუქტურაა სკოლაში, რომელმაც ან უნდა მოიწონოს სკოლის განვითარების სტრატეგიული გეგმა, ან არა. მან ყველაზე კარგად იცის, როგორი დირექტორი სჭირდება. სამეურვეო საბჭო ანგარიშვალდებულიცაა ხალხის წინაშე.
- როგორც ვიცით, თქვენ ერთ-ერთი ,,შერისხული“ ყოფილი დირექტორი ხართ. რა გადაწყვეტილება გამოიტანა სასამართლომ თქვენთან დაკავშირებით - გათავისუფლების მიზეზი დაგიმტკიცდათ ?
- თუ სადმე სასამართლოა, ყველგან დევს ჩემი საქმე. განათლების სამინისტრო თავიდან დათანხმდა, მაგრამ შემდეგ შეაჩერა ჩემს საქმეზე დაწყებული მოლაპარაკება. 22 ოქტომბერს შემდეგი სხდომაა დანიშნული.
მე ახალი სარჩელიც მაქვს ადმინისტრაციულ სასამართლოში. ვასაჩივრებ განათლების სამინისტროს ახალ გადაწყვეტილებას 53-3 საჯარო სკოლაში ჩემს კონკურსანტად წარდგენასთან დაკავშირებით. პროცესი 6 ოქტომბერს გაიმართება.
53-ე საჯარო სკოლაში 5 კონკურსანტი იბრძოდა დირექტორობისთვის. მე დამბლოკა წარმდგენმა კომისიამ და სამეურვეო საბჭომდე არც მიმიყვანა. როგორც ჩანს, ამ სკოლის განვითარების ჩემეული ხედვა არ მოეწონათ, სამაგიეროდ მოეწონათ იმ ერთადერთის, ვინც აპრილში ჩამანაცვლეს. ეს ეკატერინე გახარიაა, რომელიც სამეურვეო საბჭომ არ აირჩია, თუმცა მეორე დღესვე, დისკრეციული უფლების გამოყენებით, დანიშნა თამარ სანიკიძემ.
თბილისში უამრავია ისეთი სკოლა, სადაც კომისიის მიერ სკოლის განვითარების ხედვადაწუნებული კანდიდატები დაინიშნენ დირექტორებად, ზოგიერთის ხედვა არც უნახავთ ან არც მოუსმენიათ. მაგალითად, 22-ე საჯარო სკოლის დირექტორი გულიკო ხორბალაძე 128-ეში დანიშნეს დირექტორად, 22-ეს რომ არ სწყენოდა ან არ ეყაყანა, არადა მას მხოლოდ 22-ე სკოლა ჰქონდა მითითებული და სკოლის განვითარების გეგმაც ამ სკოლაზე წარადგინა.
- ფერაძე აღნიშნავს, რომ თამარ სანიკიძე ,,ნაციონალური მოძრაობის“ ეპოქის გამგრძელებელია და თავისი უნიათო საგანმანათლებლო პოლიტიკით ტრამპლინს უმზადებს ნაცრევანშისტებს. ეთანხმებით თუ არა ამ ფორმულირებას?
- დისკრეციულია უფლება, როცა განათლების სამინისტროს აქვს უფლება, ერთპიროვნულად დანიშნოს დირექტორი, ჯერ კიდევ 2010 წელს შევიდა კანონში. ის დღემდე არავის გამოუყენებია და ამ უფლების შესახებ არც გახმაურებულა. ზოგადი განათლების შესახებ კანონის 22-ე მუხლის მე-6 პუნქტზე დაყრდნობით, სანიკიძემ განავრცო და დახვეწა იგი და ამის შემდეგ დირექტორების დღევანდელი ფორმით წარდგენა-დანიშვნა სანიკიძის ნოუ-ჰაუა. ის, რაც ვერ გამოიყენეს და ვერ გაბედეს ,,ნაციონალებმა“ , ამათ გაბედეს და გამოიყენეს.
სანიკიძის უწყებაში ნეპოტიზმი კანონად მკვიდრდება. ლია გიგაურმა თავისი ყოფილი ბუღალტერი (რომელიც ბუღალტრული დარღვევების გამო სამსახურიდან დაითხოვეს და 53-ე სკოლიდან ჩემი წამოსვლის შემდეგ, იქ დანიშნა ბუღალტრად), დღეს 39-ე სკოლის დირექტორადაა წადგენილი.
სხვათაშორის, სანიკიძეს სკოლებში ჯერ არ აღუდგენია ,,ნაციონალების“ მიერ გაავისუფლებული პედაგოგები. ვინაიდან მათ თავის დროზე გაუგონარი შეძლეს და ხმა აიმაღლეს, სანიკიძესაც არ უნდა მათთან ურთიერთობა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, დასკვნა მკითხველმა გამოიტანოს.
- ფერაძის კიდევ ერთი ბრალდება სერტიფიცირებული პედაგოგების დაბალ ხელფასებს ეხება. ზოგადად, სანამდე უნდა გაგრძელდეს პედაგოგთა დაუსრულებელი გამოცდები?
- როგორ ჩანს, რამდენი ახალი მინისტრი მოვა, იმდენი ახალი წესი და კონკურსი შემოაქვს. ეს უნდობლობის მეტს არაფერს ზრდის პედაგოგში. ახალ წესებზე ლოგიკურად თუ არ გადავედით, პედაგოგს ემოცია დაეკარგება კონკურსების მიმართ. მინისტრი ამბობს, რომ ახალი სერტიფიცირების სქემა დასრულებულიაო, მაგრამ ეს სქემა ჯერ ბუნებაშიც არ არსებობს!
ესაუბრა ია ჯღარკავა