ივერიონი / მურმან დუმბაძის განცხადება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

მურმან დუმბაძის განცხადება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

   "საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" ეხმაურება საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის მურმან დუმბაძის განცხადებას მისი, როგორც საქართველოს დეპუტატის, კონსტიტუციური უფლებამოსილებების თაობაზე.

   ასოციაცია მიიჩნევს, რომ  განცხადებები აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქციის დაშლის საკითხთან დაკავშირებით არაკორექტულია, გამომდინარე იქიდან, რომ ამჟამად ფრაქციის შექმნისა თუ დაშლის საკითხი ცალსახად აჭარის უმაღლესი საბჭოს და მისი წევრების შიდა პრეროგატივაა.

   "მსგავსი ტიპის უფლებამოსილებას კონსტიტუციის არც ერთი ჩანაწერი არ ცნობს.  თავის მხრივ, უნდა განიმარტოს ისიც, რომ აღნიშულს არ გულისხმობს სახელისუფლებო შტოთა შორის ბალანსიც, რაც ნათქვამია ბ-ნ მურმან დუმბაძის განცხადებაში. ამ კუთხით, ერთადერთი სადეპუტატო უფლებამოსილებაა კონსტიტუციის 59-ე მუხლით გათვალისწინებული ტერიტორიული ერთეულების აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელისადმი კითხვით მიმართვის შესაძლებლობა. ამას გარდა, მეტ კითხვის ნიშნებს ბადებს გარემოება, როცა საუბარია ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს ორგანოებზე, რომელთა საკადრო პოლიტიკის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლის ფარგლები დეტალურადაა დადგენილი კანონმდებლობლობით. შესაბამისად, ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ამ რეგულაციებს გადამცდარი ჩარევა ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი ორგანოების საქმიანობასა და საკადრო პოლიტიკაში, ეწინააღმდეგება კანონმდებლობასა და, შესაბამისად, ავტონომიურობის პრინციპებს.

   "საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციაციის" პოზიციით, მსგავსი ტიპის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხების აქტუალიზაცია არ უნდა ხდებოდეს საკადრო გადანაცვლებებისა და პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე", - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ,,ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის" იურისტმა საბა სუთიძემ.

18-09-2014, 13:21
უკან დაბრუნება