ვლადიმერ პაპავა უნივერსიტეტისთვის პირდაპირ საბიუჯეტო დაფინანსებას ითხოვს. აღნიშნულის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან ერთი წლის განმავლობაში მისი რექტორად მუშაობის ანგარიში წარადგინა.
რექტორის განმარტებით, დასავლეთის სახელმწიფოების უნივერსიტეტებში, უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების შენატანი ბიუჯეტში მხოლოდ 10 პროცენტია, მეტი წილი სახელმწიფოს მხარდაჭერაზე მოდის, საქართველოში კი სახელმწიფოს მხარდაჭერა ნულის ტოლია. პაპავას თქმით, დღეისთვის უნივერსიტეტში სწავლის საფასური 2250 ლარს შეადგენს, არის ისეთი პროფესიები, რომელშიც სტუდენტის მოსამზადებლად ბევრად უფრო მეტი დანახარჯია საჭირო, კერძოდ, ქიმიის, სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტების მოსამზადებლად.
თსუ-ს რექტორის განმარტებით, მათ არ შეუძლიათ, გაზარდონ სწავლის საფასური ან მოახდინონ დიფერენცირება, რადგანაც სახელმწიფოს გრანტის ოდენობა სწორედ 2250 ლარს შეადგენს.
რექტორმა დასძინა, რომ უნივერსიტეტის I კორპუსი ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით გარემონტდა, დანარჩენ კორპუსებში კი, სავალალო მდგომარეობაა და რემონტს საჭიროებენ.