ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ რეზოლუცია, რომელზეც სენატი მუშაობს, აშშ-ისა და საქართველოს თანამშრომლობას თვისობრივად ახალ ეტაპზე აიყვანს.
მინისტრის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ერთად იქნებიან აღიარებული აშშ-ის მთავარ მოკავშირეებად.
"ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება, გარკვეული პროცედურებია გასავლელი, მაგრამ პოლიტიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით, ეს რეზოლუცია საქართველოს თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, თვისობრივად ახალ საფეხურზე აიყვანს ყველა ძირითადი მიმართულებით. პირველ რიგში, ეს ეხება უსაფრთხოებას, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, ასევე ეხება ისეთ სფეროებს, როგორიცაა მედიაკომუნიკაცია, ეკონომიკა და ა.შ.", - განაცხადა პეტრიაშვილმა.