ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" აჭარის რეგიონის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების საქმიანობაში პარლამენტის წევრის მურმან დუმბაძის ჩარევას კონსტიტუციური პრინციპების დარღვევად მიიჩნევს და მიუთითებს, რომ მურმან დუმბაძის მოქმედებებში სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნები არსებობს. განცხადება "ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი განცხადებით, აჭარის რეგიონში განვითარებული პოლიტიკური პროცესი სამართლებრივი კუთხით უნდა შეფასდეს. მურმან დუმბაძის განცხადებები პირდაპირ მიუთითებს გარემოებაზე, როდესაც საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, სამართლებრივი უფლებამოსილების გარეშე, უშუალოდ ერევა და იღებს გადაწყვეტილებებს ავტონომიის კონსტიტუციით განსაზღვრულ ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებზე. სახეზეა საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლის მცდელობები, პოლიტიკური გავლენა იქონიოს რეგიონის სახელისუფლებო შტოებზე, რაც არცერთი სამართლებრივი პასუხისმგებლობით არ არის ნებადართული. მიუღებელია, რეგიონის საჯარო და საკადრო პოლიტიკას საქართველოს პარლამენტის წევრი განსაზღვრავდეს. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ არსებობს საკმარისი სამართლებრივი, პოლიტიკური და საზოგადოებრივი არგუმენტაცია, მურმან დუმბაძემ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობა დატოვოს ან/და ამოქმედდეს შესაბამისი რეგულაცია მისი თანამდებობრივი უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
"ახალგაზრდა ადვოკატების" შეხედულებით, მურმან დუმბაძის განცხადებები, სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს ატარებს. პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოზიცია - საქართველოს პარლამენტში არ აღმოჩდება აჭარის ე.წ. მოღალატე დეპუტაცია, რომელიც მხარს დაუჭრეს მისთვის ვიცე-სპიკერის უფლებამოსილების შეწყვეტას, ასეთი ფაქტის შემთხვევაში კი, აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია "ქართული ოცნება" დაიშლება - წარმოადგენს აჭარის საკანონმდებლო ორგანოს მიმართ იძულებას. მურმან დუმბაძის აღნიშნული განცხადებები, სამართლებრივი შეხედულებით, ფრაქციის წევრების მიმართ მუქარად უნდა შეფასდეს. თუკი მურმან დუმბაძე პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობიდან გადააყენეს, ხოლო აჭარის უმაღლეს საბჭოში მმართველი პოლიტიკური ფრაქცია დაიშალა, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრმა ავტონომიის საკანონმდებლო ორგანოზე პოლიტიკური გავლენა მოიპოვა, რაც თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტია.
ორგანიზაცია მიმართავს საქართველოს პარლამენტის ბიუროს, იმსჯელოს აჭარის საკითხთან დაკავშირებით დეპუტატ მურმან დუმბაძის ქცევის გამო.