ე.წ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, სასამართლოს მიერ დაკითხული მოწმის ჩვენებას საქმეში არადამაჯერებლად მიიჩნევს პროკურორი ნინო აღლემაშვილი.
"დაიკითხა დაცვის მხარის მოწმე. დეპუტატ აკაკი მინაშვილის მეუღლე. მან სასამართლოს მისცა ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, შალვა თათუხაშვილისგან გადმოცემით იცის, რომ მასზე განხორციელდა იძულება. აქვე მინდა განვაცხადო, რომ მისი ჩვენება იყო შეუთავსებელი მისივე დის, სოფიო კობიაშვილის ჩვენებასთან.
დაცვის მხარის პოზიცია არის არათანმიდევრული, არასწორი და ერთადერთი, მათი მიზანი არის ის, რომ ამ ადამიანის გარდაცვალებით სპეკულაცია მოახდინონ და ამტკიცონ აბსურდი", - აღნიშნა აღლემაშვილმა.
შეგახსენებთ, დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ თათუხაშვილმა გამოძიებას საქმეზე ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცა. ცნობისთვის, ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულები ბაჩო ახალაია, მეგის ქარდავა, მისი ძმა ლევან ქარდავა, ასევე გიორგი მაზმიშვილი არიან. გამოძიების ინფორმაციით, 2006 წელს ე.წ ნავთლუღის სპეცოპერაცია, რომელსაც სამი ადამიანის სოცოცხლე შეეწირა, წინასწარ დადგმული იყო.
ახალაიას საქმეზე წინასწარი პატიმრობა მოეხსნა. მიზეზი კანონით განსაზღვრულ ვადებში საქმეზე სასამართლო პროცესების დაუსრულებლობა გახდა. მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილების მიუხედავად ბაჩო ახალაია პატიმრობაში რჩება. მის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე საქმეა აღძრული.