საინფორმაციო ანალიტიკური პორტალ "კვირის" პრესკლუბში "დაავადებულთა კონტროლის ცენტრის" ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გამართა ბრიფინგი "ებოლას" ვირუსთან დაკავშირებით.
გამყრელიძის განცხადებით, ცნობილი გახდა, რომ ვირუსის აფეთქება დაიწყო მიმდინარე წლის გაზაფხულზე და ვრცელდება აფრიკის 4 ქვეყანაში, თუმცა ბოლო 2–3 კვირის განმავლობაში ვირუსის შემთხვევები დამატებით 2 ქვეყანაში დაფიქსირდა . უახლესი მონაცემებით ცნობილი გახდა ვირუსის 5335 შემთხვევა, აქედან გარდაცვალებულთა რიცხვი 2622_ს შეადგენს.
14 აგვისტოს "ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ" "ებოლა" გამოაცხადა, როგორც საერთაშორისო ჯანმრთელობის განსაკუთრებული შემთხვევა და ყველა ქვეყანას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აღნიშნულ ვირუსზე.
"ებოლას" ვირუსის ძირითადი გამავრცელებელი წყაროებია: ცხოველის ტკიპა და ღამურები. "ებოლას" მსგავსი ვირუსებია: "ყირიმკონგო" და "ჰამპავირუსული" ინფექცია, რომელთაც ახასიათებთ შემდეგი სიმპტომები: მაღალი ტემპერატურა, თავის და ყელის ტკივილი, ასევე სხვადასხვა ტიპის სისხლდენები და სისხლჩაქცევები.
ჯერჯერობით საქართველოში, კერძოდ კი ხაშურში დაფიქსირებულია "ყირიმკონგოს" 22 შემთხვევა, აქედან 3 გარდაიცვალა. "ყირიმკონგოს" ვირუსი გადადის ცხოველის ტკიპით ადამიანზე და შემდეგ ვრცელდება ადამიანებს შორის.
ეს ვირუსები მეტწილად ფიქსირდება სამედიცინო პერსონალში, სადაც სათანადოდ არ არის დაცული ჰიგიენის წესები, თუმცა, სამედიცინო პერსონალს პრევენციის მიზნით ლექციების კურსი უკვე უტარდებათ .
უახლოეს მომავალში შემოტანილი იქნება ვაქცინა, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის იქნება ხელმისაწვდომი და ყველა მოქალაქესთვის უფასო, ხოლო პირველ რიგში ეს ვაქცინა რეკომენდირებული იქნება ბავშვებისთვის და იმ ჯგუფებისთვის, რომელთაც სახელმწიფო ეხმარება.
თიკო ოზბეთელაშვილი
გვანცა დავითიანი