წუხელ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენ ურთულეს ეპოქაში ვცხოვრობთ-ეპოქაში, სადაც ფართო გასაქანი ეძლევა სიცრუეს , სიყალბეს, სიძულვილსა და მომხვეჭელობას, სადაც მცირედი ადგილიც არ რჩება სამართლისთვის, სადაც ბატონობს მხეცური ინსტიქტები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია , სადაც არავინ არაფერზე აგებს პასუხს, მითუმეტეს, არავინ ფიქრობს მომავალზე!..
ძალიან ჩამაფიქრა მიხეილ სააკაშვილის პირდაპირმა ჩართვამ "რუსთავი 2-ზე" ამერიკიდან. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩვენ ვართ დამნაშავე, ყოფილი პრეზიდენტი დევნილობაში რომ იმყოფება და საკუთარ სამშობლოში დაბრუნებას ვერ ბედავს, თუ ვერ "ახერხებს"!
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენ მთელი 9 წლის მანძილზე ცხვრის ფარა ვიყავით და ისე გვაძუნძულებდნენ, როგორც მოეპრიანებოდათ. იმდენად ვიყავით ჩაფლულნი სიცრუისა და უზნეობის ჭაობში, რომ იქიდან ამოსვლა ძალიან გვიჭირს!
სამწუხაროდ, დღესაც სიცრუითა და ყალბი ოცნებებით ვიკვებებით და ვერც კი ვამჩნევთ, როგორ ვკარგავთ ადამიანურ სახეს და საბოლოოდ როგორ ვშორდებით რეალობას!
საკმაოდ კომიკური სახე შეიძინა სააკაშვილის ქონების დაყადაღებამ, რომელმაც "ნაციონალების" ბელადი მართალია არ გაახარა, მაგრამ, ამის გამო არც გაბრაზებას აპირებს!
კაცს, რომელსაც მილიარდების მოპარვას და უკაცრავად პასუხია, პირში ჩადებას ვედავებოდით, "სინამდვილეში" 8 მილიონზე ცოტა მეტი გაუფლანგავს და პასუხისმგებლობას რომ არ გაექცეს, პროკურატურამ მისი და მისი ახლობლების ქონება დააყადაღა.
როგორც ჩანს, სააკაშვილს სასაცილოდ არ ჰყოფნის პროკურატურის გადაწყვეტილება, რადგან, 8 მილიონი ნაშოვნი მილიარდების მეასედი ნაწილიც არ არის, მეორეც, მას მიეცა საშუალება ჩვეული რიტორიკით ისაუბროს საკუთარ "სასწაულებზე " და საზოგადოება ქვეყნის ჩამოშლაში დაარწმუნოს- სააკაშვილს არც თავისი ძველი "პატრონი" ივანიშვილი ავიწყდება, რომელსაც ყველა უბედურებას აბრალებს და თუ მის სიტყვებს ჩავუღრმავდებით, ანგარიშწორებით ემუქრება!
სხვა საკითხია, რამდენად დგას რეალობასთან სააკაშვილის ბაქი-ბუქი და ვიყოთ თუ არა ნაცრევანშის მოლოდინში, მაგრამ, დღევანდელ ხელისუფლებას სწორი სახელმწიფოებრივი სტრატეგია რომ ჰქონდეს შემუშავებული და საკუთარი უპრინციპობით თუ უნიათობით დღითიდღე საზოგადოების მხარდაჭერას რომ არ ჰკარგავდეს, პრეზიდენტყოფილი არა თუ ამდენს გაბედავდა, საკუთარ სოროში შეძვრებოდა და თანაგუნდელებსაც იგივეს ურჩევდა!
ისე, სააკაშვილი სიცრუის დეტექტორზე ხომ არ შეეგვეერთებინა, რომ მისი ნამდვილი სახე კიდევ ერთხელ დაგვენახა და საბოლოო ვერდიქტიც გამოგვეტანა?!
და ბოლოს! არსებობს შეცდომები, რომლის გამოსწორება კეთილი ნების შემთხვევაში შეიძლება, თუმცა, არსებობს, სახელმწიფოს დონეზე აყვანილი შეგნებული დანაშაული, რომელიც ძნელად სწორდება ხოლმე.
დღევანდელი სიტუაცია სხვა არჩევანის წინაშე გვაყენებს- დროა, ყურები ჩამოვიბერტყოთ, ოცნებას დავემშვიდობოთ და რეალობას გავუსწროთ თვალი - სანამ ჯერ კიდევ გვიან არ არის!
საბა საბახტარაშვილი