საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გახსნას დაესწრება. თეატრალური ფესტივალი რუსთაველის თეატრის სცენაზე სპექტაკლით "მოხეტიალეთა სიმღერები" დღეს, 20:00 საათზე გაიხსნება.
ანსამბლ "რუსთავის" ცოცხალი შესრულების თანხლებით "მოხეტიალეთა სიმღერები" აღწერს მომლოცველთა შთამბეჭდავ მოგზაურობას. სპექტაკლი გამორჩეულად "აზიურია", თუმცა, იგი ცდება აზიის საზღვრებს. სპექტაკლში გამოყენებულია 3,5 ტონა ოქროსფერი მოციმციმე ბრინჯის მარცვალი და მიმდინარეობს ქართული ხალხური სიმღერის ფონზე. წარმოდგენას საფუძვლად უდევს აზიურ ქვეყნებში არსებული რელიგიური ღვთისმსახურების მდიდარი პრაქტიკა, აგრეთვე ჰერმან ჰესეს ნაწარმოები - "სიდჰარტჰა".
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი შემოდგომის თბილისის ერთ-ერთი მთავარი კულტურული მოვლენაა. წელს ქართული სპექტაკლების პროგრამას შავი ზღვისა და კავკასიის თეატრალური დასები დაემატება - 52 სპექტაკლითა და 54 საერთაშორისო სტუმრით. 5 წლის განმავლობაში საერთაშორისო პროგრამამ უმასპინძლა 77 კომპანიას სხვადასხვა ქვეყნიდან და 160 სპექტაკლს როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან.
ქართული სპექტაკლების პროგრამას 250 საერთაშორისო სტუმარი დაესწრო.