"თუ ოპოზიციის ლიდერთა უმრავლესობის მიმართ დაიწყება გამოძიება და სამართლებრივი დევნა, აღარ იარსებებს ძლიერი ოპოზიცია და ეს დააზარალებს დემოკრატიას,"- ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ერიკ რუბინმა "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ოპოზიციის მაღალჩინოსნებისა და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის კომენტირებისას განაცხადა.
"გვაწუხებს ის, რომ ამდენი ყურადღება და ენერგია იხარჯება წარსულზე. ჩვენი შესაფასებელი არ არის სპეციფიკური საქმეები, მაგრამ მიგვაჩნია, რომ როდესაც ყოფილ პრეზიდენტზე, დღეს კი მნიშვნელოვან ოპოზიციურ ფიგურაზე ვსაუბრობთ, ვშიშობთ, რომ ეს საქმე საბოლოო ჯამში დააზიანებს საქართველოს ძალისხმევას, იაროს წინ და შექმნას ნამდვილი დემოკრატია. ასეთია საერთო სურათი. ჩემთვის, როგორც ამერიკელისათვის, ვფიქრობ, მიზანშეწონილი არ არის ამაზე შორს წასვლა" - განაცხადა ერიკ რუბინმა.
მისივე თქმით, ის მხოლოდ რჩევას აძლევს საქართველოს მთავრობას.
"ნამდვილ დემოკრატიაში აუცილებელია ოპოზიცია და ნამდვილი დებატები პარლამენტში. გამოვხატეთ შეშფოთება, რომ თუ ოპოზიციის ლიდერთა უმრავლესობის მიმართ დაიწყება გამოძიება და სამართლებრივი დევნა, აღარ იარსებებს ძლიერი ოპოზიცია და ეს დააზარალებს დემოკრატიას. როგორც აღვნიშნე, ესაა რჩევა - არა გაფრთხილება და არც არაფერი იმაზე მეტი, რაც ვთქვი. იმედი გვაქვს, ქართველები გაიხედავენ წინ და არა უკან და რამდენადაც შესაძლებელია, გაერთიანდებიან, რათა ერთად მიაღწონ დასახულ მიზანს," - აღნიშნა რუბინმა.