პრეზიდენტის რეზიდენციაში შესაძლოა, სასტუმრო განთავსდეს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება, რომ ავლაბრის სასახლე ქვეყნის პირველი პირის რეზიდენცია აღარ იქნება, უკვე მიღებულია. "აბსოლუტურად შესაძლებელია, პრეზიდენტის ზოგიერთი რეზიდენცია რომელიმე კომპანიას გადაეცეს, რომელიც ინვესტირებას განახორციელებს და მას დანიშნულებას შეუცვლის. ამაზე ახლა კონკრეტული საუბარი ნაადრევია, თუმცა, არსებობს გარკვეული მოსაზრებები. უშუალოდ ავლაბრის რეზიდენციაში სრულიად შესაძლებელია სასტუმრო გაკეთდეს - ის საკმაოდ საინტერესო ადგილზეა, თბილისის ისტორიულ ცენტრში, იქიდან კარგი ხედებია. მთავარია, რომ ეს ხელს არ შეუშლის პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას", - ამბობს ხადური.