საქართველოს პრეზიდენტი ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის გადაცემაში იმ შემთხვევაში მივა, თუ საუბარი პოლიტიკაზე იქნება.
ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული ტელეგადაცემის კომენტირებისას განაცხადა.
" ამ საკითხზე მსჯელობა იყო. ბიძინა ნიჭიერი კაცია და შეიძლება, ძალიან ეფექტური ჟურნალისტი იყოს. მაგრამ საინტერესო იყო საზოგადოების და მედიის რეაქცია: აქ იყო აღიარება, რომ ჟურნალისტიკას რეაქცია გააჩნია და საქართველოში ჟურნალისტიკა უკვე რეალურად მეოთხე ხელისუფლებაა" – განაცხადა პრეზიდენტმა.
კითხვაზე, მივა თუ არა ის ივანიშვილის გადაცემაში, როგორც პრეზიდენტი, ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ "ალბათ, – გააჩნია. რა სტილის გადაცემა იქნება".
მარგველაშვილის თქმით, პირადად მას "ჟურნალისტიკა აინტერესებს არა როგორც ადამიანს, რომელიც ინფორმაციას იღებს, არამედ როგორც პირს, რომელსაც ამ ქვეყნის წინსვლა ევალება".
"ამიტომ ვიფიქრე, მე შევხვდე დიდი ჰოლდინგების დირექტორებს და მენეჯერებს, იმ ხალხს, ვინც გარემოზე ფიქრობს და მინდა, ვისაუბრო იმის თაობაზე, თუ რა პრობლემაა და როგორ შეგვიძლია, გავაძლიეროთ მეოთხე ხელისუფლება კიდევ უფრო მეტად", - განაცხადა მარგველაშვილმა.