ივერიონი / რის უარყოფას სთხოვს "ახალგაზრდა ადვოკატები" მურმან დუმბაძეს?

რის უარყოფას სთხოვს "ახალგაზრდა ადვოკატები" მურმან დუმბაძეს?

   ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს მურმან დუმბაძეს ღია წერილით მიმართავს და აღნიშნულისთვის გონივრულ ვადას - 2014 წლის 24 სექტემბრამდე აძლევს.

  "ახალგაზრდა ადვოკატების" ინფორმაციით, საქმე ეხება ორგანიზაციის 2014 წლის 19 სექტემბრის პრესკონფერენციაზე აჭარის რეგიონის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების საქმიანობაში პარლამენტის წევრის მურმან დუმბაძის პოლიტიკური გავლენის მოპოვების მცდელობების სამართლებრივ შეფასებას, რა დროსაც "ახალგაზრდა ადვოკატებმა" პარლამენტის ვიცე-სპიკერის ქცევაში კონსტიტუციური პრინციპების დარღვევასა და სისხლისამართლებრივი დანაშაულის ნიშნებზე მიუთითეს.


  აჭარის ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს მურმან დუმბაძემ ორგანიზაციის სამართლებრივ შეფასებას პოლიტიკური განცხადებით უპასუხა და მიუთითა, რომ "ახალგაზრდა ადვოკატები" დაქირავებულები არიან, წარმოდგენა არ აქვთ, რა არის საქართველოს კონსტიტუცია, წარმოდგენა არ აქვთ, რა არის გამოხატვის თავისუფლება, წარმოდგენა არ აქვთ, რა არის სიტყვის თავისუფლება და უფრო მეტი, წარმოდგენა არ აქვს, რა არის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობები. თუ ეს ხელისუფლება ასეთ დაქირავებულებს განცხადებებს გააკეთებინებს, მაშინ ნიშნავს, რომ ეს ხელისუფლებაც გადაიქცევა იმ ხელისუფლებად, რომელიც ჩვენ გავუშვით", - განაცხადა მურმან დუმბაძემ", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.


 "ახალგაზრდა ადვოკატების" შეფასებით, მურმან დუმბაძის აღნიშნული განცხადება შეურაცხმყოფელია და ორგანიზაციის საქმიანი რეპუტაციის შელახველი ცნობების გავრცელებას წარმოადგენს.
  "როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციის სამართლებრივი მსჯელობის მიმართ ბრალდება გამოთქმის, აუცილებელია არსებობდეს კონკრეტული მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა ორგანიზაციის მიმართ ხელისუფლების დავალების ფაქტს. ამასთან, უნდა არსებობდეს კონკრეტული საფუძვლები, რათა დასაბუთდეს ორგანიზაციის მოქმედი წევრების ნაკლები სამართლებრივი კვალიფიკაციის საკითხიც.

   სხვა შემთხვევაში, ადგილი აქვს საჯარო პირის მხრიდან ორგანიზაციის საქმიანი რეპუტაციის შელახველი ცნობების გავრცელებას, რომელიც ნორმალურ ვითარებაში კანონმდებელმა და კანონის დამცველმა პარლამენტის წევრმა უნდა იცოდეს. ჩვენს წინაშეა დონორი ორგანიზაციები, პარტნიორები, კლიენტები, რომლებიც "ახალგაზრდა ადვოკატებს" ნდობას მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი საქმიანობის გამო უცხადებენ. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადება, თუნდაც ეს ნაკლებად კანონშემოქმედი ადამიანი იყოს, მთლიანად ცვლის ორგანიზაციის მიმართ სამოქალაქო ჯგუფების შემდგომ დამოკიდებულებას და პარტნიორულ ურთიერთობებს", - ნათქვამია განცხადებაში.

  "ახალგაზრდა ადვოკატები" მურმან დუმბაძეს მოუწოდებს, მოახდინოს ორგანიზაციის მიმართ საქმიანი რეპუტაციის შელახველი ცნობების უარყოფა. კერძოდ, უარყოს ან/და დაადასტუროს გავრცელებული ინფორმაცია, რომ 2014 წლის 19 სექტემბრის ორგანიზაციის ბრიფინგი - დავალება მომდინარეობდა ხელისუფლებისგან და უარყოს ან/და დაადასტუროს გავრცელებული ინფორმაცია, რომ ორგანიზაციის წევრები  ნაკლები სამართლებრივი კვალიფიკაციით გამოირჩევიან.

   "ახალგაზრდა ადვოკატები" აღნიშნულისთვის პარლამენტარს სთავაზობს საჯარო განცხადების ფორმას მედიაში. ორგანიზაცია მურმან დუმბაძეს საქმიანი რეპუტაციის შელახველი ცნობების უარყოფისთვის სთავაზობს გონივრულ ვადას - 2014 წლის 24 სექტებრამდე. სხვა შემთხვევაში, "ახალგაზრდა ადვოკატები"  სასამართლოს მიმართავს", - ნათქვამია განცხადებაში.

20-09-2014, 20:50
უკან დაბრუნება