"არასდროს ასე დახურული არ ყოფილა სასჯელაღსრულების სისტემა, როგორც ახლანდელი დეპარტამენტის უფროსის, გახარიას დროსაა. ეს არის აბსოლუტურად მიუწვდომელი პიროვნება", - ამის შესახებ "კურიერის" ეთერში უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ განაცხადა.
კაკაბაძის განცხადებით, არსებობს სამართალდარღვევის უამრავი ფაქტი, რომელთა გადამოწმება ვერ ხდება და უფლებათადამცველებამდე დარღვევის ბევრი ფაქტი ვერც აღწევს.
"ამის მიზეზი არის ის, რომ პატიმრები ვერ ბედავენ ამაზე ხმამაღლა ჩივილს, რადგან არსებობს მიდგომა, რომ სისტემაში არსებული პრობლემები გარეთ არ უნდა გავიდეს, რომ ე.წ. პალაჟენია არ გაფუჭდეს", - აცხადებს ნანა კაკაბაძე.
კაკაბაძის თქმით, პატიმრების პლასტიკური ბარათებიდან თანხა მათი ხელმოწერის გარეშე იხსნება.
"ერთი ასეთი ადამიანი ახლაც ელოდება ჩემთან შეხვედრას. ამას გარდა, უკვე თითქმის გაოფიციალურებულია, რომ ადამიანი, რომელიც ემსახურება პატიმრების მიერ განხორციელებულ ამ შესყიდვებს, ეს თანამშრომელი იტოვებს ყოველი 25 ლარიდან ერთ კოლოფ სიგარეტს და ამის გარდა, ის ახერხებს ამ ბარათებიდან მოხსნას თანხა პატიმრების ნებართვის გარეშე"-აცხადებს კაკაბაძე.